ემანუელ მაკრონი - საჭიროა საერთო უსაფრთხოების არქიტექტურის შექმნა, რაც ასევე გულისხმობს რუსეთთან დიალოგს
ემანუელ მაკრონი - საჭიროა საერთო უსაფრთხოების არქიტექტურის შექმნა, რაც ასევე გულისხმობს რუსეთთან დიალოგს

საჭიროა საერთო უსაფრთხოების არქიტექტურის შექმნა, რაც ასევე გულისხმობს რუსეთთან დიალოგს, – ამის შესახებ საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა მიუნხენის უსაფრთხოების საერთაშორისო კონფერენციაზე განაცხადა.

„ჩვენ გვჭირდება რეგიონული საკითხების მოგვარება. ვებრძვით ტერორიზმს, არის სირიისა და მთიანი ყარაბაღის საკითხები, ასევე ლიბია. ჩვენ გვჭირდება არა მხოლოდ ნატო-ს წევრების კოორდინირებული მოქმედება, ასევე ეს აუცილებელია გაერო-ს უშიშროების საბჭოს წევრებთანაც“, – თქვა მაკრონმა.

საფრანგეთის პრეზიდენტმა განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა ჩრდილო-ატლანტიკურ ალიანსზე და აღნიშნა, რომ ნატო-ს ევროპულმა სახელმწიფოებმა თავდაცვის ხარჯები უნდა გაზარდონ, რაც მეტ დაცულობას და სანდოობის ზრდას უზრუნველყოფს.

„როდესაც ვხედავთ ტვირთის გადანაწილებას ნატო-ში, ინვესტიციების დიდი ნაწილი აშშ-ის მიერ იყო გაკეთებული. სწორედ ამიტომ, ჩვენ უნდა გავზარდოთ ჩვენი თავდაცის ხარჯები და მომავალ თვეებში მივაღწევთ ორპროცენტიან მაჩვენებელს. ეს მნიშვნელოვანია ტრანსატლანტიკური ალიანსის რებალანსირებისთვის. ეს აჩვენებს ჩვენ ამერიკელ მეგობრებს, რომ ჩვენ სანდო და პასუხისმგებლიანი პარტნიორები ვართ. თავდაცვის ხარჯების გაზარდა, ჩვენი, როგორც ნატო-ს წევრების სანდოობას გაზრდის. მეორე პუნქტია, რომ ჩვენ გვჭირდება მეტი ევროპა ჩვენ სამეზობლოსთან მიმართებაში. ევროპასა და ამერიკას აქვთ საერთო გამოწვევები აფრიკაში და ახლო აღმოსავლეთში, მაგრამ პრეზიდენტ ბაიდენის წინამორბედმა თქვა, რომ ახლა აშშ წყნარი ოკეანეთის ძალა ხდება. ეს ნიშნავს, რომ აშშ რეფოკუსირებას სხვა რეგიონზე ახდენს, ვიდრე ჩვენ სამეზობლოზე. ათწლეულების განმავლობაში, აშშ-ში ნატო-ში სრულად იყო ფოკუსირებული ევროპაზე, ევროპის დაცვაზე და ჩვენ სამეზობლოზე.

ახლა დროა, მეტი ტვირთი ვზიდოთ ჩვენი საკუთარი თავის დასაცავად. ევროპა, ევროკავშირი და მისი წევრები უნდა იყვნენ საკუთარი უსაფრთხოების გადაწყვეტის საკითხის ნაწილი. როდესაც ვსაუბრობთ რუსეთზე, ჩინეთზე, ბალისტიკურ რაკეტებზე, ჩვენ მოლაპარაკების ნაწილი უნდა ვიყოთ. როდესაც ვსაუბრობთ უსაფრთხოებაზე ჩვენს საზღვრებთან, ნორმალურია, რომ აშშ ზოგჯერ შესაძლოა, ნაკლებად ჩართული იყოს. ჩვენ თუ ზედმეტად ვიქნებით დამოკიდებული ნატო-ში აშშ-ზე, აღმოვჩნდებით სიტუაციაში, რომ საზღვრებთან ნაკლები დაცულობა იქნება. უნდა ვიყოთ სანდო პარტნიორები, მე მჯერა ნატო-სი. მჯერა, რომ ნატო-ს სჭირდება ახალი პოლიტიკური იმპულსი და მისი სტრატეგიული კონცეფციის გარკვევა. ნატო-ს სჭირდება მეტი პოლიტიკური მიდგომა“, – განაცხადა მაკრონმა.