ემანუელ მაკრონი რუსეთისგან ალექსი ნავალნის მოწამვლასთან დაკავშირებით განმარტებებს ითხოვს
ემანუელ მაკრონი რუსეთისგან ალექსი ნავალნის მოწამვლასთან დაკავშირებით განმარტებებს ითხოვს

საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი რუსეთისგან ოპოზიციონერ ალექსი ნავალნის მოწამვლასთან დაკავშირებით განმარტებებს ითხოვს.

მისი თქმით, აღნიშნულ განმარტებებზე დამოკიდებულია საერთაშორისო საზოგადოების მოქმედებები. ეს განცხადება ემანუელ მაკრონმა ვილნიუსში გამართულ პრესკონფერენციაზე გააკეთა.

„აშკარაა, რომ ეს იყო მკვლელობის მცდელობა, რომელიც რუსეთის ტერიტორიაზე ქვეყნის ოპოზიციის ლიდერის წინააღმდეგ რუსეთში შექმნილი ქიმიური აგენტის გამოყენებით განხორციელდა. შესაბამისად, სწორედ რუსეთმა უნდა წარმოადგინოს განმარტებები“, – აღნიშნა საფრანგეთის ლიდერმა.

შეგახსენებთ, ალექსეი ნავალნი ტომსკიდან მოსკოვში მიმავალ რეისზე 20 აგვისტოს გახდა შეუძლოდ. ის სამკურნალოდ გერმანიაში გადაიყვანეს. გერმანიის თავდაცვის უწყების ლაბორატორიის სპეციალისტებმა დაადგინეს, რომ ის ნერვულ-პარალიტიკური ნივთიერება „ნოვიჩოკით“ მოწამლეს. აღნიშნული დასკვნა შვედეთისა და საფრანგეთის ლაბორატორიებში ჩატარებულმა კვლევებმაც დაადასტურა. გერმანული მხარე რუსეთისგან ახსნა-განმარტებებს ითხოვს, მოსკოვი კი ბრალდებებს უარყოფს. ალექსეი ნავალნი შარიტეს კლინიკიდან 23 სექტემბერს გაწერეს.