ემანუელ მაკრონი - პალესტინის სახელმწიფოს აღიარება გარკვეული პირობებით არა მხოლოდ მორალური მოვალეობა, არამედ პოლიტიკური აუცილებლობაა
პალესტინის სახელმწიფოს აღიარება გარკვეული პირობებით არა მხოლოდ მორალური მოვალეობაა, არამედ პოლიტიკური აუცილებლობა, – ამის შესახებ საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა განაცხადა.
მისივე თქმით, ევროპულმა ქვეყნებმა უნდა გაამკაცრონ კოლექტიური პოზიცია ისრაელის წინააღმდეგ, თუ ის შესაბამისად არ უპასუხებს ღაზაში არსებულ ჰუმანიტარულ ვითარებას.
„ვფიქრობ, რომ ყველაფერი დამოკიდებულია იმ არჩევანზე, რომელსაც ისრაელის მთავრობა მიიღებს მომავალ დღეებში“, – განაცხადა მაკრონმა
მაკრონის განცხადებით, მოქმედება საჭიროა მომავალ საათებსა და დღეებში. ამასთან, ემანუელ მაკრონმა აღნიშნა, რომ ჰუმანიტარული ბლოკადა ღაზის სექტორში აუტანელ ვითარებას ქმნის.
„მომავალ საათებსა და დღეებში თუ არ იქნება პასუხი, რომელიც შეესაბამება ჰუმანიტარულ ვითარებას, ცხადია, ჩვენ მოგვიწევს ჩვენი კოლექტიური პოზიციის გამკაცრება და სანქციების გამოყენება“, – აღნიშნავს მაკრონი.
მაკრონის განცხადებებზე საპასუხოდ, ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ მაკრონი ისრაელის წინააღმდეგ „ჰამასის“ მხარდაჭერაში დაადანაშაულა.