ემანუელ მაკრონი მოსახლეობას მინიმალური ხელფასის გაზრდასა და საგადასახადო შეღავათებს ჰპირდება
საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი მოსახლეობას მინიმალური ხელფასის გაზრდასა და საგადასახადო შეღავათებს ჰპირდება.
სატელევიზიო მიმართვისას ემანუელ მაკრონმა აღნიშნა, რომ საპროტესტო აქციების მონაწილეთა მრისხანება ღრმა იყო და ბევრ შემთხვევაში, ლეგიტიმურიც. მისი თქმით, მინიმალური სამუშაო ანაზღაურება 2019 წელს 100 ევროთი გაიზრდება. როგორც საფრანგეთის პრეზიდენტმა აღნიშნა, დაბალი შემოსავლის მქონე პენსიონერებისთვის გადასახადები აღარ გაიზრდება. მან ასევე დამსაქმებლებს თანამშრომლებისთვის წლის ბოლოს პრემიის გადახდისკენ მოუწოდა და განაცხადა, რომ ეს თანხა არ დაიბეგრება.
ემანუელ მაკრონის თქმით, საფრანგეთში მრავალი ადამიანი უკმაყოფილო იყო ცხოვრების პირობებით და ფიქრობდა, რომ მას არ უსმენენ.
„მე საკუთარ თავზე ვიღებ შექმნილ ვითარებაზე პასუხისმგებლობის წილს. შესაძლოა, თქვენ გაგრძნობინეთ, რომ მე სხვა პრობლემებით და პრიორიტეტებით ვარ დაკავებული. მე ვიცი, რომ ბევრ თქვენგანს ჩემმა სიტყვებმა გული ატკინა“, – განაცხადა ემანუელ მაკრონმა სატელევიზიო მიმართვისას.
ამასთან, საფრანგეთის პრეზიდენტმა მოძრაობა „ყვითელი ჟილეტების“ მხრიდან პოლიციაზე თავდასხმები დაგმო.
„ვერანაირი მრისხანება ვერ გაამართლებს პოლიციაზე თავდასხმას“, – აღნიშნა მაკრონმა.
საფრანგეთში უკვე მეოთხე კვირაა, საპროტესტო გამოსვლები მიმდინარეობს. დემონსტრანტები მთავრობის ეკონომიკური და სოციალური პოლიტიკით არიან უკმაყოფილო.