ემანუელ მაკრონი - მივესალმები აშშ-სა და ირანს შორის მიღწეულ შეთანხმებას, ეს არის დიპლომატიური ძალისხმევის შედეგი
მივესალმები შეერთებულ შტატებსა და ირანს შორის მიღწეულ შეთანხმებას, რომელიც არის იმ დიპლომატიური ძალისხმევის შედეგი, რომელსაც რამდენიმე პარტნიორმა შეუწყო ხელი. მოვუწოდებ ყველა დაპირისპირებულ მხარეს, სწრაფად და სრულად განახორციელონ ის, – განაცხადა საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა.
როგორც მაკრონმა აღნიშნა, შეთანხმებამ უნდა უზრუნველყოს ჰორმუზის სრუტის დაუყოვნებლივი და უპირობო გახსნა. მისივე თქმით, გაერთიანებულ სამეფოსთან ერთად შექმნილი საერთაშორისო მისია მზად არის, რომ ამას მხარი დაუჭიროს.
„საზღვაო მიმოსვლის აღდგენა, ყოველგვარი შეზღუდვისა და გადასახადის გარეშე, აუცილებელი პირობაა რეგიონული სტაბილურობისა და გლობალური ეკონომიკისთვის“, – აღნიშნა მაკრონმა.
საფრანგეთის პრეზიდენტის განცხადებით, შეთანხმება ასევე ქმნის საფუძველს ახლო აღმოსავლეთში მშვიდობისა და უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად ფართო მოლაპარაკებებისთვის.
მისი თქმით, მოლაპარაკებებმა უნდა მოიცვას ირანის ბირთვულ და ბალისტიკურ პროგრამებთან დაკავშირებული საკითხები, ასევე თეირანის რეგიონული პოლიტიკა.
„სწორედ ასე შევძლებთ მყარი და ხანგრძლივი მშვიდობის შექმნას. საფრანგეთი მზად არის, პარტნიორებთან ერთად, სრულად შეასრულოს თავისი როლი“, – განაცხადა მაკრონმა.
მაკრონმა ასევე აღნიშნა, რომ საფრანგეთი გააგრძელებს ლიბანის ხელისუფლების ძალისხმევის მხარდაჭერას, რათა ქვეყანამ აღადგინოს სახელმწიფო სუვერენიტეტი.
„ამისთვის აუცილებელია მტკიცე და ხანგრძლივი ცეცხლის შეწყვეტა“, – განაცხადა საფრანგეთის პრეზიდენტმა.
ცნობისთვის, აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ირანთან შეთანხმება დასრულებულია. პაკისტანში განაცხადეს, რომ აშშ-სა და ირანს შორის შეთანხმების ოფიციალური ხელმოწერის ცერემონია 19 ივნისს შვეიცარიაში გაიმართება. მემორანდუმის ტექსტზე საბოლოო შეთანხმების შესახებ ინფორმაცია დაადასტურეს თეირანშიც.