ემანუელ მაკრონი – ჩვენი მიზანია საფრანგეთში სიმშვიდის აღდგენა, სიმტკიცითა და სამართალდამცავი ზომებით, ხოლო ლეგიტიმური მოთხოვნების შემთხვევაში, დიალოგის გზით

14:42, 21.10.2026

საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის განცხადებით, ამ ეტაპზე ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობის გამოცხადება საჭირო არ არის.

„ცხადია, თუ ვითარება ამას მოითხოვს, შესაძლოა, საგანგებო მდგომარეობაც გამოცხადდეს. თუმცა ჩვენი მიზანია სიმშვიდის აღდგენა სიმტკიცითა და სამართალდამცავი ზომებით, ხოლო ლეგიტიმური მოთხოვნების შემთხვევაში – დიალოგის გზით“, – აღნიშნა მაკრონმა.

ამასთან, დოჰაში ვიზიტით მყოფმა მაკრონმა აღნიშნა, რომ სრულად იღებს პასუხისმგებლობას გადაწყვეტილებაზე, არ შეეცვალა წინასწარ დაგეგმილი განრიგი, მიუხედავად საფრანგეთში საპროტესტო აქციებზე მომხდარი ძალადობრივი მოვლენებისა.

„ის, რასაც აქ ვაკეთებთ, მნიშვნელოვანია ჩვენი თანამოქალაქეებისთვის, ამიტომ გადავწყვიტე, დაგეგმილი ვიზიტი არ გამეუქმებინა. უპირველესად იმიტომ, რომ ყოყმანი დაუშვებელია. ქვეყნის უმაღლეს დონეზე გადაწყვეტილებების მიღებისას მტკიცე პოზიცია უნდა შევინარჩუნოთ; მეორე – ის, რასაც ვაკეთებთ, ფრანგ ხალხს სჭირდება. ამიტომ სრულად ვიღებ პასუხისმგებლობას გადაწყვეტილებაზე, რომ დაგეგმილი ვიზიტი ძალაში დავტოვე“, – აღნიშნა მაკრონმა.

როგორც საფრანგეთის პრეზიდენტი აცხადებს, შაბათ-კვირას განვითარებულ მოვლენებს სათანადო რეაგირება მოჰყვა.

„მკაცრად დავგმე მომხდარი. მივიღე ანგარიშები, მოვიწვიე შეხვედრა პრემიერ-მინისტრსა და შესაბამის მინისტრებთან ერთად, მივიღე გადაწყვეტილებები, გავეცი მითითებები და კვირას საღამოს უშუალოდ მივმართე ფრანგ ხალხს“, – განაცხადა საფრანგეთის პრეზიდენტმა.

მსგავსი