ემანუელ მაკრონი - ჩვენ უნდა მოვემზადოთ ხანგრძლივი ომისთვის
ემანუელ მაკრონი - ჩვენ უნდა მოვემზადოთ ხანგრძლივი ომისთვის

ჩვენ უნდა მოვემზადოთ ხანგრძლივი ომისთვის, – ამის შესახებ საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა დიპლომატიური კორპუსის წინაშე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

საფრანგეთის ლიდერის თქმით, ევროპა ორგანიზებული უნდა იყოს ენერგეტიკული და სასურსათო თვალსაზრისით.

„ჩვენ უნდა მოვემზადოთ ხანგრძლივი ომისთვის და ამისთვის უნდა ვიყოთ ორგანიზებული ეროვნულ და ევროპულ დონეზე, განსაკუთრებით, როდესაც საქმე ეხება ენერგეტიკას, სურსათსა და მრავალ სხვა საკითხს. თუმცა, აშკარაა, რომ ამ ხანგრძლივი ომის წინაშე ჩვენ უნდა ვიმუშაოთ, რათა თავიდან ავიცილოთ ესკალაცია და დავამყაროთ მშვიდობა“, – განაცხადა ემანუელ მაკრონმა.

მაკრონის თქმით, ის გააგრძელებს რუსეთთან დიალოგს, რათა უკრაინაში კონფლიქტის ესკალაცია თავიდან იქნას აცილებული, თუმცა ამავე დროს მან ურყევი მხარდაჭერა დაუდასტურა უკრაინას.

„საფრანგეთი გააგრძელებს რუსეთთან საუბარს. ვის სურს, რომ თურქეთი იყოს ერთადერთი სახელმწიფო მსოფლიოში, რომელიც რუსეთთან საუბარს აგრძელებს?“, – აღნიშნა მაკრონმა.

ემანუელ მაკრონის განცხადებით, საფრანგეთი გააგრძელებს კიევის გრძელვადიან მხარდაჭერას ეკონომიკურ, სამხედრო და ჰუმანიტარულ მხარდაჭერას, თუმცა აღნიშნა, რომ ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა იქნება რუსეთის წინაშე ევროპული ერთიანობის უზრუნველყოფა.

„ევროპის ერთიანობა საკვანძოა, რადგან განხეთქილება რუსეთის ომის ერთ-ერთი მიზანია“, – განაცხადა ემანუელ მაკრონმა.