ემანუელ მაკრონი - ჩვენ გვინდა, სამხრეთ კავკასია იყოს მშვიდობის, ინტეგრაციის, თანამშრომლობის არეალი ღია საზღვრებით
ემანუელ მაკრონი - ჩვენ გვინდა, სამხრეთ კავკასია იყოს მშვიდობის, ინტეგრაციის, თანამშრომლობის არეალი ღია საზღვრებით

ჩვენ გვინდა, სამხრეთ კავკასია იყოს მშვიდობის, ინტეგრაციის, თანამშრომლობის არეალი ღია საზღვრებით, – ამის შესახებ საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა სომხეთის პრემიერ-მინისტრთან, ნიკოლ ფაშინიანთან შეხვედრისას განაცხადა.

საფრანგეთის პრეზიდენტის თქმით, მნიშვნელოვანია, რომ დაკავშირებადობის პროექტები იყოს ინტეგრაციის ფაქტორები და არა – გაყოფის.

ემანუელ მაკრონის განცხადებით, საფრანგეთს აქვს ცენტრალურ აზიას, სამხრეთ კავკასიასა და ევროკავშირს შორის კავშირის გაძლიერების ინტერესი და ამაში თავისი წვლილი შეაქვს სომხეთის „მშვიდობის გზაჯვარედინების“ ინიციატივას.

„ჩვენ ასევე გავაგრძელებთ სომხეთთან თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის განვითარებას: თანხმობა არსებობს კონტრაქტების გაფორმებაზე თავდაცვითი მიზნებისთვის სამხედრო ტექნიკის მიწოდებაზე და საფრანგეთი გააგრძელებს მოქმედებას ამ სფეროში პასუხისმგებლობის სულისკვეთებით და ესკალაციის სურვილის გარეშე. საფრანგეთი ასევე აგრძელებს ჰუმანიტარული ვალდებულებების განმტკიცებას სომხეთისა და მთიანი ყარაბაღის ლტოლვილების დახმარებით, რომელიც ახლა, 2023 წელს 29 მილიონ ევროს შეადგენს. საფრანგეთი ასევე გააგრძელებს მტკიცე მხარდაჭერას ევროკავშირსა და სომხეთს შორის ურთიერთობების განვითარებისადმი ყველა განზომილებაში. აქაც ყველაფერი წინ მიიწევს ჩვენი საერთო სტრატეგიული ინტერესების სამსახურში“, – განაცხადა ემანუელ მაკრონმა.