ემანუელ მაკრონი - ბრბოს არ აქვს ლეგიტიმაცია იმ ხალხის წინაშე, რომელიც საკუთარ აზრს მათ მიერ არჩეული წარმომადგენლების მეშვეობით გამოხატავს
ემანუელ მაკრონი - ბრბოს არ აქვს ლეგიტიმაცია იმ ხალხის წინაშე, რომელიც საკუთარ აზრს მათ მიერ არჩეული წარმომადგენლების მეშვეობით გამოხატავს

ბრბოს არ აქვს ლეგიტიმაცია იმ ხალხის წინაშე, რომელიც გამოხატავს საკუთარ აზრს სუვერენულად მათ მიერ არჩეული წარმომადგენლების მეშვეობით, – როგორც „ევრონიუსი“ იუწყება, ამის შესახებ საფრანეგთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა ელისეის სასახლეში თავისი პარტიის წევრებთან გამართული შეხვედრისას განაცხადა.

დღეს ემანუელ მაკრონი მოსახლეობას მიმართავს სატელევიზიო ინტერვიუს საშუალებით, რა დროსაც მოსალოდნელია, რომ განმარტავს, თუ როგორ გეგმავს ქვეყანაში შექმნილი კრიზისის გადალახვას.

მანამდე ემანუელ მაკრონმა თავის მოკავშირეებს განუცხადა, რომ არ აპირებს პარლამენტის დათხოვნას, მთავრობაში საკადრო ცვლილებების განხორციელებას ან საპენსიო რეფორმის საკითხზე რეფერენდუმის დანიშვნას.

ემანუელ მაკრონმა სადავო საპენსიო რეფორმა პარლამენტის გვერდის ავლით დაამტკიცა, რასაც მოსახლეობისა და ოპოზიციის უკმაყოფილება, მასობრივი საპროტესტო გამოსვლები და არეულობა მოჰყვა.

ხვალ საფრანგეთში პროფკავშირები საპენსიო რეფორმის გასაპროტესტებლად მორიგი საყოველთაო გაფიცვის გამოცხადებას გეგმავენ.