ემანუელ მაკრონი არ გამორიცხავს, რომ შენგენის ზონაში საზღვრები სექტემბრამდე არ გაიხსნას
ემანუელ მაკრონი არ გამორიცხავს, რომ შენგენის ზონაში საზღვრები სექტემბრამდე არ გაიხსნას

საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი არ გამორიცხავს, რომ შენგენის ზონაში საზღვრები სექტემბრამდე არ გაიხსნას.

ფრანგული ტელეკომპანია, „ბიეფემტივის“ ინფორმაციით, მსგავსი პესიმისტური პროგნოზი საფრანგეთის პრეზიდენტმა, ქვეყნის პროფესიული კავშირების ხელმძღვანელებთან გამართულ დახურულ ვიდეოკონფერენციაზე გამოთქვა.

ემანუელ მაკრონმა განსაკუთრებით ყურადღება გაამახვილა აშშ-ის მაგალითზე, სადაც კორონავირუსის კრიზისი რამდენიმე კვირის დაგვიანებით განვითარდა და პიკს მოგვიანებით მიაღწევს.

მაკრონმა ასევე ხაზი გაუსვა აფრიკის მაგალითებს, სადაც ვითარება განსხვავებულად ვითარდება და აზიას, სადაც შესაძლოა, პიკები გამეორდეს.

საფრანგეთის პრეზიდენტის განცხადებით, საზღვრების დახურვამ ასევე შეიძლება გავლენა იქონიოს ეკონომიკის გაჯანსაღებაზე.

ემანუელ მაკრონი 13 აპრილს, ქვეყნის მოსახლეობას მიმართავს, რომლის დროსაც, სავარაუდოდ, თვითიზოლაციის რეჟიმს გაახანგრძლივებს, რომელსაც ვადა 15 აპრილს გასდის და ახალ ზომებს გამოაცხადებს.

ევროკავშირის შიდა საზღვრები 17 მარტს, 30 დღით დაიხურა. 8 აპრილს, ევროკომისიამ შენგენის ზონაში მოქალაქეების გადაადგილების 15 მაისამდე შეზღუდვის რეკომენდაცია გასცა.