ემანუელ მაკრონი აცხადებს, რომ პრეზიდენტის მხოლოდ ორი ვადით არჩევა ამომრჩევლების შეზღუდვაა
ემანუელ მაკრონი აცხადებს, რომ პრეზიდენტის მხოლოდ ორი ვადით არჩევა ამომრჩევლების შეზღუდვაა

საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის თქმით, პრეზიდენტის მხოლოდ ორი ვადით არჩევა ამომრჩევლების შეზღუდვაა. ეს განცხადება საფრანგეთის პრეზიდენტმა ფრანგულ მედიასთან ინტერვიუში გააკეთა.

მაკრონის თქმით, საფრანგეთის კონსტიტუციით ერთსა და იმავე ადამიანს პრეზიდენტობა მხოლოდ ორი ვადით შეუძლია და ის ამ წესში ცვლილებების შეტანას არ აპირებს, თუმცა, მაკრონის თქმით, მისი პირადი აზრით, ეს წესი, გარკვეულწილად, ზღუდავს ამომრჩევლებს.

„თუ პირადად ჩემს აზრს მკითხავთ, ვფიქრობ, ყოველთვის უკეთესია, როდესაც არჩევანის უფლებას ამომრჩეველს ვუტოვებთ“, – განაცხადა მაკრონმა.

მისივე განმარტებით, მისი ეს სიტყვები არ ნიშნავს, რომ ის მესამე ვადით იყრიდა კენჭს.

„მაგრამ როდესაც კანონში შეგვაქვს აკრძალვა, მაშინ, გარკვეულწილად, ვართმევთ ამომრჩეველს თავისუფლების ნაწილს, რომელიც არის სუვერენული“, – განმარტა მაკრონმა.

საფრანგეთის მოქმედი კონსტიტუციით, ერთსა და იმავე ადამიანს პრეზიდენტის თანამდებობის დაკავება ორ ვადაზე მეტჯერ არ შეუძლია. ეს შესწორება საფრანგეთის კონსტიტუციაში 2008 წელს შევიდა.

შარშან მედია ავრცელებდა ცნობებს, რომ მაკრონი პრეზიდენტობის ორი ვადით შეზღუდვას აკრიტიკებდა.