ემანუელ მაკრონი 15 მარტს ბერლინში ოლაფ შოლცსა და დონალდ ტუსკს შეხვდება
ემანუელ მაკრონი 15 მარტს ბერლინში ოლაფ შოლცსა და დონალდ ტუსკს შეხვდება

საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი პარასკევს, 15 მარტს ბერლინში გერმანიის კანცლერს, ოლაფ შოლცსა და პოლონეთის პრემიერ-მინისტრს, დონალდ ტუსკს შეხვდება. ამის შესახებ გამოცემა „პოლიტიკო“ ავრცელებს ინფორმაციას.

მედიასაშუალების ცნობით, მაკრონი და შოლცი ერთმანეთს ჯერ ორმხრივ ფორმატში შეხვდებიან. როგორც მედია წერს, ეს არის უკრაინის გამო ურთიერთობებში დაძაბულობის განმუხტვის ძალისხმევა.

მოგვიანებით მათ პოლონეთის პრემიერი შეუერთდებათ. ეს ტუსკის პრემიერ-მინისტრის პოსტზე დანიშვნის შემდეგ „ვაიმარის სამკუთხედის“ ფორმატში პირველი მოლაპარაკებები იქნება.

გერმანიასა და საფრანგეთს შორის ურთიერთობები მას შემდეგ დაიძაბა, რაც თებერვალში მაკრონმა უკრაინაში სამხედრო ძალების გაგზავნის შესაძლებლობის შესახებ განაცხადა. თავის მხრივ, ოლაფ შოლცმა უკრაინაში ევროპის ქვეყნებიდან სამხედრო დანაყოფების გაგზავნა გამორიცხა.

მოგვიანებით, პრაღაში სიტყვით გამოსვლისას ემანუელ მაკრონმა აღნიშნა, რომ ევროპა ამჟამად „დგას იმ მომენტის წინაშე, როდესაც აუცილებელია, არ იყო მხდალი“. ამას გერმანიის თავდაცვის მინისტრი ბორის პისტორიუსი გამოეხმაურა, რომელმაც განაცხადა, რომ მაკრონის კომენტარები არ უწყობს ხელს უკრაინის დახმარებასთან დაკავშირებული საკითხების გადაჭრას.