Emaar ჯგუფის დამფუძნებელი - საქართველოში ჩვენ მიერ განხორციელებული უზარმაზარი ინვესტიცია მოტივაციას მისცემს უამრავ ინვესტორს, ასე მოხდა ყველა ქვეყანაში, სადაც პროექტები წამოვიწყეთ
საქართველოში ჩვენ მიერ განხორციელებული უზარმაზარი ინვესტიცია მოტივაციას მისცემს უამრავ ინვესტორს, ასე მოხდა ყველა ქვეყანაში, სადაც პროექტები წამოვიწყეთ, – ამის შესახებ Emaar ჯგუფის დამფუძნებელმა და მმართველმა დირექტორმა, მოჰამედ ალი რაშედ ალაბარმა პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის აბუ დაბიში ვიზიტის ფარგლებში მიღწეულ შეთანხმებასთან დაკავშირებით განაცხადა.
Emaar ჯგუფის დამფუძნებლის თქმით, როდესაც ამხელა კაპიტალდაბანდება ხდება ქვეყანაში, ის მოცულობით პოზიტიურ გავლენას ახდენს ნებისმიერი ქვეყნის ეკონომიკაზე.
„ამ საოცარ ქვეყანაში, საქართველოში, ეს უზარმაზარი ინვესტიცია, იცით, რას გააკეთებს? ის მოტივაციას მისცემს უამრავ ინვესტორს, რომლებიც იტყვიან: „ოჰო! რაღაც სასწაული ხდება საქართველოში. ჩვენც გვინდა მსგავსის გაკეთება, ჩვენც ვცდით“. ასე მოხდა ყველა იმ ქვეყანაში, სადაც პროექტები წამოვიწყეთ. ჩემთვის დიდი სიამოვნება და პატივია საქართველოში მუშაობა. გპირდებით, კარგ საქმეს გავაკეთებთ. ამხელა კაპიტალდაბანდება როდესაც ხდება ქვეყანაში, ის მოცულობით პოზიტიურ გავლენას ახდენს ნებისმიერი ქვეყნის ეკონომიკაზე“, – განაცხადა მოჰამედ ალი რაშედ ალაბარმა.
არაბთა გაერთიანებულ საამიროებში საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის ვიზიტის ფარგლებში ხელი მოეწერა მემორანდუმს, რომელიც საქართველოში ექვსი მილიარდი დოლარის მოცულობის ინვესტიციის განხორციელებას ითვალისწინებს.