Emaar ჯგუფის დამფუძნებელი - მადლობა საქართველოს მთავრობას და პრემიერს ნდობისთვის, ჩვენ მიერ განსახორციელებელი 6-მილიარდდოლარიანი ინვესტიცია ქვეყნის ეკონომიკაზე მრავალმხრივ გავლენას იქონიებს
Emaar ჯგუფის დამფუძნებელი - მადლობა საქართველოს მთავრობას და პრემიერს ნდობისთვის, ჩვენ მიერ განსახორციელებელი 6-მილიარდდოლარიანი ინვესტიცია ქვეყნის ეკონომიკაზე მრავალმხრივ გავლენას იქონიებს

მადლობას ვუხდი საქართველოს მთავრობას და პრემიერ-მინისტრს ნდობისთვის. ჩვენ მიერ საქართველოში ჯამურად განსახორციელებელი ინვესტიცია 6 მილიარდი დოლარი იქნება, რაც ქვეყნის ეკონომიკაზე მრავალმხრივ გავლენას იქონიებს, – ამის შესახებ Emaar ჯგუფის დამფუძნებელმა და მმართველმა დირექტორმა, მოჰამედ ალი რაშედ ალაბარმა განაცხადა.

Emaar ჯგუფის დამფუძნებლის თქმით, ეს ყველაფერი დიდ გავლენას იქონიებს ქვეყანაში როგორც ახალი სამუშაო ადგილების შექმნის, ისე ტურიზმის განვითარების მიმართულებით.

„ასეთი მასშტაბური პროექტების გავლენა ადგილობრივ ეკონომიკაზე უზარმაზარია. როგორც წესი, ასეთი პროექტების შედეგად ქვეყნის მთლიანი შიდა პროდუქტი 2-4%-ით იმატებს ხოლმე; მას გავლენა აქვს დასაქმებაზეც როგორც მშენებლობის ფაზაში, ასევე მისი ექსპლუატაციაში შესვლის შემდეგაც, რადგან აღნიშნულ პროცესში ხდება კონტრაქტორების, არქიტექტორების, ინტერიერის დიზაინერების, მომწოდებლების ჩართვა. ბიზნესის კეთების პროცესში არა მხოლოდ ცოდნას ვიღრმავებთ, არამედ მოწინავე ეკოლოგიურ პრაქტიკას ვიცავთ. ახლა ხომ ცოდნის გაზიარების და გარემოს დაცვის ეპოქაა. ვუფრთხილდებით ხეებს, ჩიტებს, წყალს. თან ერთმანეთისგან ვსწავლობთ. ყოველივე ეს გავლენას ახდენს ეკონომიკაზე, ახალი სამუშაო ადგილების შექმნაზე, სახელმწიფო შემოსავლებზე, რადგან მეტი გადასახადის მობილიზება ხდება სახელმწიფო ბიუჯეტში. ხალხი საქმდება და სარგებელს ყველა გრძნობს. ამდენად, მშპ-ის ჭრილში 3+ იქნება მატება. არ დაგვავიწყდეს ამ პროექტის გავლენა ტურიზმის სფეროზე, უზარმაზარი იქნება ისიც. ჩემს დუბაის სავაჭრო ცენტრს 110 მლნ ადამიანი სტუმრობს ყოველწლიურად. ამ რაოდენობის მომხმარებელი დუბაისთვისაც დიდი მაჩვენებელია“, – აღნიშნა მოჰამედ ალი რაშედ ალაბარმა.

არაბთა გაერთიანებულ საამიროებში საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის ვიზიტის ფარგლებში ხელი მოეწერა მემორანდუმს, რომელიც საქართველოში ექვსი მილიარდი დოლარის მოცულობის ინვესტიციის განხორციელებას ითვალისწინებს.