ელზა ჯგერენაია - კანონში ცვლილებებით შრომის ინსპექციას აღსრულების ნაწილი ემატება, რაც ობიექტებზე შრომის ინსპექტორის უპირობო დაშვებას გულისხმობს
ელზა ჯგერენაია - კანონში ცვლილებებით შრომის ინსპექციას აღსრულების ნაწილი ემატება, რაც ობიექტებზე შრომის ინსპექტორის უპირობო დაშვებას გულისხმობს

შრომის უსაფრთხოების შესახებ კანონში ცვლილებების შედეგად, შრომის ინსპექციას უფლებამოსილება ეზრდება და აღსრულების ნაწილი ემატება, რაც ობიექტებზე შრომის ინსპექტორის უპირობო დაშვებას გულისხმობს, – ამის შესახებ ჯანდაცვის სამინისტროს შრომისა და დასაქმების პოლიტიკის დეპარტამენტის უფროსმა, ელზა ჯგერენაიამ პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური თემა მაკა ცინცაძესთან ერთად“ სტუმრობისას განაცხადა.

„ეს ეხება ლიმიტირებულ სექტორს, სადაც უბედური შემთხვევების რიცხვი მაღალია. აღსრულების მექანიზმი ასევე მოიცავს ადმინისტრაციული სახდელების დაკისრებას, რაც სანქციებითაა გამოხატული. სანქციების ოდენობა 100 ლარიდან 50 000 ლარამდე იქნება. ადმინისტრაციული სახდელების ზომა ფინანსური მდგომარეობის მიხედვით განისაზღვრება – ფიზიკური პირისა და დღგ–ს გადამხდელად დარეგისტრირებული პირისთვის ადმინისტრაციული სახდელების ზომა განსხვავებული იქნება“, – განაცხადა ჯგერენაიამ.

მისი თქმით, აღსრულება ისეთი მექანიზმების შემუშავებასაც გულისხმობს, როგორიცაა მოსამართლის ბრძანების გარეშე განმეორებითი მონიტორინგი. 

„როდესაც ინსპექტორი ყოველგვარი ნებართვისა და წინასწარი შეტყობინების გარეშე ობიექტზე პირველად შედის, მითითებების მიცემიდან გონივრული ვადის გასვლის შემდეგ, შეუძლია, განმეორებით შევიდეს, გადაამოწმოს და შეუსაბამობების გამოვლენის შემთხვევაში, სახდელი გამოიყენოს. უბედური შემთხვევების დროს, რა თქმა უნდა, ინსპექტორს ობიექტზე უპირობო დაშვება ისედაც გარანტირებული ექნება“, – განაცხადა ჯგერენაიამ.

გადაცემის წამყვანის შეკითხვაზე, კრიტიკული შეუსაბამობის აღმოჩენის შემთხვევაში, ვინ შეუჩერებს საწარმოს საქმიანობის უფლებას, ელზა ჯგერენაიამ აღნიშნა, რომ კრიტიკული შეუსაბამობის აღმოჩენის შემთხვევაში, საწარმოს საქმიანობის შეჩერების გადაწყვეტილებას ინსპექტორი იღებს, თუმცა ამის შესახებ ინფორმაციას სასამართლოს გადასცემს და სასამართლო ამას 48 საათის განმავლობაში ადასტურებს.

„ზომები სწორედ ამის შემდეგ იქნება გამოყენებული. თუ მსგავსი დარღვევა ორი წლის განმავლობაში განმეორებით დაფიქსირდება, ამ შემთხვევაში, 50 000 ლარის ოდენობის სანქცია გამოიყენება“, – განაცხადა ელზა ჯგერენაიამ.