ელტონ ჯონი საერთაშორისო გამოსვლებს წყვეტს
ელტონ ჯონი საერთაშორისო გამოსვლებს წყვეტს

ელტონ ჯონი საერთაშორისო გამოსვლებს წყვეტს. როგორც BBC წერს, ცნობილი მუსიკოსი სხვადასხვა ქვეყანაში საკონცერტო გამოსვლებს ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემების გამო წყვეტს.

შესაბამის განცხადებას მომღერლის წარმომადგენლები ლონდონსა და ნიუ-იორკში დღეს, თბილისის დროით 21:30 წუთზე დაგეგმილ პრესკონფერენციაზე გააკეთებენ.

ამ დროისთვის უცნობია, როდიდან შეწყვეტს ელტონ ჯონი საერთაშორისო ტურნეს.

სერ ელტონ ჯონს კარიერის განმავლობაში 200 მილიონი ალბომი აქვს გაყიდული და მის კონცერტებს მილიონობით ადამიანი დაესწრო. აღსანიშნავია, რომ შარშან მომღერალმა ცხრა კონცერტი გადადო. ამის მიზეზი ინფექციური დაავადება გახდა, რომელიც მას სამხრეთ აფრიკაში ტურნეს დროს დაუდგინეს. როგორც ელტონ ჯონის წარმომადგენლებმა განაცხადეს, დაავადების გამო მუსიკოსმა ორი ღამე რეანიმაციულ განყოფილებაში გაატარა. მიუხედავად ამისა, 2017 წელს მომღერალმა 87 შოუ მაინც გამართა.

როგორც ცნობილია, მუსიკოსი რამდენიმე დღეში გრემის დაჯილდოვების ცერემონიალზე მაილი საირუსთან ერთად დუეტს შეასრულებს. ასევე უახლოეს დღეებში დაგეგმილია მისი გამოსვლა მედისონ სქუეარ გარდენზე.

ელტონ ჯონს 2018 წელს კონცერტები 19-ზე მეტ ქვეყანაში და მათ შორის საქართველოშიც აქვს დაგეგმილი, მომღერალმა შეკვეთილში ორი კონცერტი, 30 ივნისს და 1 ივლისს უნდა გამართოს.
შარშან ელტონ ჯონის სტუმრობა საქართველოში გადაიდო. ამის მიზეზად მომღერლის ბენდის ერთ-ერთი წევრის ჯანმრთელობის მდგომარეობა დასახელდა.

ელტონ ჯონის ოფიციალურ ვებგვერდზე ჯერ კიდევ ჩამოთვლილია ის ქვეყნები, სადაც კონცერტების გამართვას აპირებდა.