„ელმავალმშენებელი“ ქარხნის მუშებმა სახელფასო დავალიანების ანაზღაურების მოთხოვნით, მორიგი აქცია გამართეს
„ელმავალმშენებელი“ ქარხნის მუშებმა სახელფასო დავალიანების ანაზღაურების მოთხოვნით, მორიგი აქცია გამართეს

ელმავალმშენებელი ქარხნის მუშებმა დღეს სახელფასო დავალიანების ანაზღაურებასთან დაკავშირებით, მორიგი საპროტესტო აქცია გამართეს. მუშები ქარხნის ადმინისტრაციისგან შვიდი თვის ხელფასის ანაზღაურებას და სამუშაო პროცესის აღდგენას მოითხოვენ.

მათი თქმით, თუ მოთხოვნები დროულად არ შესრულდება, აქციები პერმანენტული ხასიათის გახდება. მუშები შიმშილობასაც არ გამორიცხავენ.

დასაქმებულების მოთხოვნებს უერთდება რკინიგზის ახალი პროფკავშირებიც.

აქციის მონაწილეების განცხადებებს წერილობით უპასუხა ქარხნის ადმინისტრაციამ. მათი განცხადებით, უცხოეთიდან ფულადი სახსრები  ელმავალმშენებლის ანგარიშზე დღეს გადმოირიცხა და დავალიანებები ხვალ სრულად გაიცემა.

რაც შეეხება საწარმოო პროცესს, ის აპრილიდან ეტაპობრივად განახლდება.

შეგახსენებთ, სახელფასო დავალიანებების გაცემის მოთხოვნით, ელმავალმშენებელი ქარხნის მუშები ერთ თვეზე მეტია, გაფიცულები არიან.