ელმასმა კვარაცხელიას მსგავსად ითამაშა - სპალეტიმ პრესკონფერენციაზე ჩრდილოეთ მაკედონიელი შეაქო #1TVSPORT
„ნაპოლის“ მთავარმა მწვრთნელმა, ლუჩანო სპალეტიმ „უდინეზესთან“ (3:2) მოგებული შეხვედრის შემდეგ გუნდის ჩრდილოეთ მაკედონიელი შემტევი ელიფ ელმასი შეაქო, რომელმაც მარცხენა ფლანგზე ტრავმირებული ხვიჩა კვარაცხელია შეცვალა.
კვარაცხელიას ტრავმის გამო ელმასის დროც დადგა. ჯერ ბერგამოში „ატალანტასთან“ მწვრთნელმა ის რასპადორს ამჯობინა, რის შემდეგაც ელმასმა გამარჯვების გოლი გაიტანა. იტალიის სერია A-ს მე-15 ტურში კი საგოლე გადაცემას გოლი დაუმატა. სულ კი მიმდინარე სეზონში 14 მატჩში 3 გოლი გაიტანა (ხვიჩამ 12 მატჩში 6 გოლი).
„ნაპოლის“ მთავარმა მწვრთნელმა ლუჩანო სპალეტიმ, ჩრდილოეთ მაკედონიელი ფეხბურთელის მისამართით საქებარი სიტყვები არ დაიშურა, თუმცა, კვარაცხელია მაინც ახსენა.
„ელმასი არაჩვეულებრივი ბიჭია, უბრალო და პროფესიონალი. ეს ყველაფერი ამ ბიჭს ახასიათებს. მან მშვენიერი გოლები გაიტანა და დღეს კვარაცხელიას მსგავსად ითამაშა. ასეთი თვისებების მქონე მოთამაშე მწვრთნელის საქმიანობას აიოლებს“, – განაცხადა ლუჩანო სპალეტიმ.
სერიაში A-ში სეზონი მსოფლიო ჩემპიონატის გამო 4 იანვრამდე შეჩერდა. საშემოდგომო ეტაპი, „ნაპოლიმ“ შესანიშნავად დაასრულა და კონკურენტებთან სოლიდური უპირატესობა აქვს – 15 ტურში მოპოვებული 41 ქულით გუნდი პირველ ადგილზეა.