ზედიზედ მე-11 მოგება სერია A-ში - „ნაპოლიმ“ „უდინეზე“ დაამარცხა [ვიდეო] #1TVSPORT

დღეს, 12 ნოემბერს იტალიის სერია A-ში მე-15 ტურის შეხვედრები გაიმართა. ხვიჩა კვარაცხელიას „ნაპოლიმ“ მსოფლიო ჩემპიონატის დაწყებამდე ბოლო მატჩი ჩაატარა, სადაც „უდინეზეს“ უმასპინძლა და 3:2 დაამარცხა.

ქართველ ფეხბურთელს წელის ტრავმა აწუხებს, რის გამოც მას ამ მატჩის გამოტოვებაც მოუწია.

სპალეტის გუნდმა პირველივე ტაიმში მოახერხა კომფორტული უპირატესობის მოპოვება. შეხვედრის მე-15 წუთზე ელიფ ელმასის ჩაწოდების შემდეგ, ოსიმენმა მეტოქის კარი აიღო და „ნაპოლი“ დააწინაურა. ნიგერიელი ფორვარდისთვის ეს მე-9 გოლია სერია A-ში და ამ მაჩვენებლით ბომბრადირთა სიის ლიდერია. 31-ე წუთზე ირვინგ ლოზანოს საგოლე გადაცემის შემდეგ, პიოტრ ჟელინსკიმ ბურთი შესანიშნავად დაამუშავა, შორეულ კუთხეში დაარტყა და ნეაპოლელთა უპირატესობა ორამდე გაზარდა.

58-ე წუთზე ზამბო ანგისამ ელიფ ელმასს მარცხენა ფლანგზე ბურთი გააყოლა, ჩრდილოეთ მაკედონიელმა ფეხბურთელმა კი საჯარიმოში ეფქტური მოძრაობით მცველი ჩამოიტოვა და ახლო კუთხეში მეკარეს გაუტანა. „უდინეზემ“ თამაშში დაბრუნება ბოლოს მაინც მოახერხა – 79-ე წუთზე ილია ნესტოროვსკიმ სხვაობა შეამცირა, 82-ე წუთზე კი ლაზარ სამარძიჩმა ანგარიში 3:2 გახადა. მიუხედავად ამისა, „ნაპოლიმ“ მაინც მოახერხა გამარჯვების მოპოვება და აქტივში მორიგი 3 ქულა ჩაიწერა.

ნაპოლისთვის“ ეს ზედიზედ მე-11 გამარჯვებაა იტალიაში. ლუჩანო სპალეტის გუნდმა 15 მატჩში 41 ქულა დააგროვა და პირველ ადგილს იკავებს. მეორე და მესამე ადგილზე 30-30 ქულით „მილანი“ და „ლაციო“ არიან, რომლებიც თავიანთ შეხვედრებს ხვალ გამართავენ.