ელმასი საქართველოსთან არ ითამაშებს - „ნაპოლის“ ნახევარმცველი კორონავირუსისგან ვერ განიკურნა
ელმასი საქართველოსთან არ ითამაშებს - „ნაპოლის“ ნახევარმცველი კორონავირუსისგან ვერ განიკურნა

14 ოქტომბერს ჩრდილოეთ მაკედონიის ნაკრებს საქართველოსთან სკოპიეში ერთა ლიგის მეოთხე ტურის შეხვედრაში ერთ-ერთი საკვანძო მოთამაშე ვერ დაეხმარება – ლაპარაკია „ნაპოლის” საყრდენ ნახევარმცველ ელიფ ელმასზე, რომელსაც ტესტირების შედეგად კვლავ დადებითი პასუხი აღმოაჩნდა.

ბალკანელი ფეხბურთელის შესახებ ინფორმაცია იტალიურმა გამოცემა „ილ მატინომ“ გაავრცელა და ცხადია, აქცენტი იმაზე გაკეთდა, რომ ელმასი „ნაპოლის“ ვერ დაეხმარება.

„ელიფ ელმასმა Covid-19 ჯერ ვერ დაამარცხა. „ნაპოლის“ ბალკანელი ფეხბურთელს კორონავირუსის ბოლო ტესტზეც დადებითი პასუხი აღმოაჩნდა. ეს დიდი კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს 17 ოქტომბერს „ატალანტასთან“ მის თამაშს,“ – წერს იტალიური გამოცემა.

საინტერესოა, რომ მოედანზე დასაბრუნებლად, მოთამაშემ გარკვეული პირობები უნდა დააკმაყოფილოს.

„ელიფ ელმასმა 48 საათის განმავლობაში უნდა ჩაიტაროს ორი ტესტირება, რომლებზეც უარყოფითი პასუხი უნდა მიიღოს, რათა სხვა თანაგუნდელებთან ერთად ვარჯიშებს დაუბრუნდეს. თუმცა, ის თავს კარგად გრძნობს, სიმპტომები არ აქვს და უახლოეს დღეებში ახალ ტესტირებას კიდევ გაივლის,“ – წერს „ილ მატინო“.

საინტერესოა, რომ ელმასი წარმოშობით თურქია და ჩრდილოეთ მაკედონიაშია დაბადებული. 2017 წლის ივლისში გავრცელდა ინფორმაცია, რომ თურქეთის ნაკრების მწვრთნელმა, ფათიჰ თერიმმა სცადა მასთან დაკავშირება, მაგრამ ელმასმა ჩრდილოეთ მაკედონიის სახელით თამაში გადაწყვიტა. ელიფის დებიუტი მაკედონიელთა ნაკრებში 2017 წლის 11 ივნისს, 17 წლის ასაკში შედგა.