ელიზბარ ოდიკაძე ოლიმპიურ ჩემპიონთან დამარცხდა, მაგრამ მედლის მოპოვების შანსს ინარჩუნებს [ვიდეო] #1TVSPORT
ტოკიოს ოლიმპიურ თამაშებზე თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ბოლოსწინა დღეს ელიზბარ ოდიკაძემ (97კგ) იასპარეზა. ქართველი ფალავანი მეოთხედფინალში მოქმედ მსოფლიო და ოლიმპიურ ჩემპიონს (86 კგ-ში), რუსეთის ოლიმპიური კომიტეტის წარმომადგენელ აბდულრაშიდ სადულაევს შეხვდა და ანგარიშით 0:10 დამარცხდა.
შეგახსენებთ, რომ პირველ წრეში ოდიკაძე ირანელ მოჰამადიანს დაუპირისპირდა და მეტოქეს დაძაბულ ბრძოლაში ანგარიშით 6:3 სძლია. დღეს, თბილისის დროით 13:15 საათზე ტურნირზე 97კგ-ში ნახევარფინალები გაიმართება. სადულაევის ფინალში გასვლის შემთხვევაში, ქართველ ფალავანს რეპეჟაშში საასპარეზოდ გაიყოლებს და ხვალ დილიდან ოდიკაძე ბრინჯაოს მედლის მოსაპოვებლად იბრძოლებს.
ოდიკაძე რიოს ოლიმპიური თამაშების მონაწილეა, სადაც მან მეხუთე ადგილი დაიკავა.
შეგახსენებთ, რომ უძველეს სპორტულ ღონისძიებაზე საქართველოს დელეგაციის ანგარიშზე ორი ოქროს, ოთხი ვერცხლის და ერთი ბრინჯაოს მედალია.
ქართველი მძიმეწონოსანი გენო პეტრიაშვილი ოლიმპიადის ფინალშია და ჩვენს ნაკრებს კიდევ ერთი მედალი გარანტირებული აქვს. ფინალში პეტრიაშვილის მოწინააღმდეგე 21 წლის ამერიკელი სტივენსონი იქნება.
ფინალური ბლოკი 14:30 საათზე გაიმართება.