როგორც გენო პეტრიაშვილმა - ელიზბარ ოდიკაძემ 0:3 ჩამორჩენა გააბათილა და ოლიმპიადის მეოთხედფინალში იჭიდავებს [ვიდეო] #1TVSPORT

ტოკიოს ოლიმპიურ თამაშებზე თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ბოლოსწინა დღეს ელიზბარ ოდიკაძე (97კგ) ასპარეზობს. ქართველი ფალავანი პირველ წრეში ირანელ მოჰამადიანს შეხვდა და დაძაბულ ბრძოლაში ანგარიშით 6:3 დაამარცხა.

შეგახსენებთ, რომ სწორედ ასეთი სცენარით წარიმართა გენო პეტრიაშვილისა და ირანელი ზარეს დაპირისპირება. გენოც 0:3-ს აგებდა და საბოლოოდ 6:3 გაიმარჯვა.

მეოთხედფინალში ქართველის მეტოქე მომქმედი ოლიმპიური ჩემპიონი რუსი საიდულაევი იქნება.

ოდიკაძე რიოს ოლიმპიური თამაშების მონაწილეა, სადაც მან მეხუთე ადგილი დაიკავა. ოლიმპიადის საგზური კი ელიზბარმა 2019 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე მოიპოვა.

შეგახსენებთ, რომ ტოკიოს ოლიმპიადაზე საქართველოს დელეგაციის ანგარიშზე ორი ოქროს, ოთხი ვერცხლის და ერთი ბრინჯაოს მედალია.

ასევე აღსანიშნავია, რომ ქართველი მძიმეწონოსანი გენო პეტრიაშვილი ოლიმპიადის ფინალშია და ჩვენს ნაკრებს კიდევ ერთი მედალი გარანტირებული აქვს. ფინალში პეტრიაშვილის მოწინააღმდეგე 21 წლის ამერიკელი სტივენსონი იქნება, რომელმაც მეთხედფინალში ტაჰა აკგული დაამარცხა, 1/2 ფინალში – მონღოლი მუნხტური.

წინასწარი შეხვედრები 06:30 საათიდან დაიწყო, ფინალური ბლოკი კი 14:30 საათზე გაიმართება.