ტოკიოს ოლიმპიურ თამაშებზე თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ბოლოსწინა დღეს ელიზბარ ოდიკაძე (97კგ) იასპარეზებს.
ქართველ ფალავანს წილისყრაში არ გაუმართლა – პირველ წრეში ირანელ მოჰამადიანს შეხვდება, ხოლო წარმატებული გამოსვლის შემთხვევაში ქართველის მეტოქე რუს საიდულაევსა და აზერბაიჯანელ შარიფოვს შორის გამარჯვებული იქნება.
ოდიკაძე რიოს ოლიმპიური თამაშების მონაწილეა, სადაც მან მეხუთე ადგილი დაიკავა. ოლიმპიადის საგზური კი ელიზბარმა 2019 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე მოიპოვა.
შეგახსენებთ, რომ უძველეს სპორტულ ღონისძიებაზე საქართველოს დელეგაციის ანგარიშზე ორი ოქროს, ოთხი ვერცხლის და ერთი ბრინჯაოს მედალია. ასევე აღსანიშნავია, რომ ქართველი მძიმეწონოსანი გენო პეტრიაშვილი ოლიმპიადის ფინალშია და ჩვენს ნაკრებს კიდევ ერთი მედალი გარანტირებული აქვს. ფინალში პეტრიაშვილის მოწინააღმდეგე 21 წლის ამერიკელი სტივენსონი იქნება, რომელმაც მეთხედფინალში ტაჰა აკგული დაამარცხა, 1/2 ფინალში – მონღოლი მუნხტური.
წინასწარი შეხვედრები, სადაც ოდიკაძე იასპარეზებს 06:30 საათიდან დაიწყება, ფინალური ბლოკი კი 14:30 საათზე გაიმართება.