გენო პეტრიაშვილმა ირანელთან ურთულესი ბრძოლა შემოატრიალა და ტოკიოს ოლიმპიადის ფინალშია [ვიდეო] #1TVSPORT

გენო პეტრიაშვილი ოლიმპიადის ფინალშია. ტოკიოს ოლიმპიურ თამაშებში დღეს თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრების ორი წევრი – გენო პეტრიაშვილი (125 კგ) და ავთანდილ კენჭაძე (74 კგ) ასპარეზობდნენ.

გენო პეტრიაშვილმა წინასწარი შეხვედრები კარგად ჩაატარა, ნახევარფინალში გავიდა, სადაც ირანელ ამილ ჰოსეინ ზარეს დაუპირისპირდა და დაძაბულ ბრძოლაში ანგარიშით 6:3 დაამარცხა.

გაფრთხილებითა და ხალიჩიდან გასვლის გამო ქართველი მოჭიდავე პირველ ნახევარში 0:3 ჩამორჩა, რამაც გენოს კიდევ მეტი მოტივაცია გაუჩინა და გამოცდილმა ქართველმა ფალავანმა მეორე ტაიმში 6:0 გაიმარჯვა.

ფინალში პეტრიაშვილის მოწინააღმდეგე 21 წლის ამერიკელი სტივენსონი იქნება, რომელმაც მეთხედფინალში ტაჰა აკგული დაამარცხა, 1/2 ფინალში – მონღოლი მუნხტური.

შეგახსენებთ, რომ გენო პეტრიაშვილი მეოთხედფინალში ჩინელ ჟივეი დენგს შეხვდა და მოწინააღმდეგე ანგარიშით 5:2 დაამარცხა.  პირველ შეხვედრაში ეგვიპტელ ქამალ აბდელმოტალებს 11:0 აჯობა.

პეტრიაშვილის მთავარი კონკურენტი თურქი ტაჰა აკგული კი ბადის სხვა მხარეს ასპარეზობდა, თუმცა 1/4 ფინალში 21 წლის ამერიკელ სტივენსონთან 0:8 დამარცხდა. ეს თავისუფალ ჭიდაობაში ოლიმპიადის მთავარი სენსაციაა.

დღეს მოჭიდავეთა ტურნირზე ავთანდილ კენჭაძე პირველი წრეში იტალიის სახელით მოასპარეზე კუბელთან, მსოფლიო ჩემპიონ და ოლიმპიურ მედალოსან ფრანკ ჩამიზოსთან დამარცხდა. იტალიელის ფინალში გასვლის შემთხვევაში, კენჭაძეს რეპეშაჟიდან ბრინჯაოს მედლისთვის ბრძოლის გაგრძელება შეეძლო. მაგრამ, სამწუხაროდ, ჩამიზო დამარცხდა ბელარუს მოჭიდავესთან და ავთანდილ კენჭაძე ოლიმპიადას დაემშვიდობა.

ფინალური ბლოკი ხვალ, 6 აგვისტოს 14:30 საათზე დაიწყება.

1/8 ფინალი

პეტრიაშვილი VS აბდელმოტალები (ეგვიპტე) 11:0

1/4 ფინალი

პეტრიაშვილი VS დენგი (ჩინეთი) 5:2

1/2 ფინალი

პეტრიაშვილი VS ზარე (ირანი) 6:3

ფინალი

პეტრიაშვილი VS სტივენსონი (აშშ)

6 აგვისტო, 13:15 საათიდან

დატოვე კომენტარი