ელიზაბეთ რუდი - სოფელ გუგუტიანთკართან მავთულხლართების გავლება ზიანს აყენებს რეგიონში უსაფრთხოებას და ხალხს ერთმანეთისგან ყოფს
ელიზაბეთ რუდი - სოფელ გუგუტიანთკართან მავთულხლართების გავლება ზიანს აყენებს რეგიონში უსაფრთხოებას და ხალხს ერთმანეთისგან ყოფს

სოფელ გუგუტიანთკართან მავთულხლართების გავლება ზიანს აყენებს რეგიონში უსაფრთხოებას და ხალხს ერთმანეთისგან ყოფს, – ამის შესახებ საქართველოში აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა, ელიზაბეთ რუდმა განაცხადა.

როგორც ელიზაბეთ რუდმა აღნიშნა, აშშ-ის მთავრობა შეშფოთებულია, რომ რუსეთის მიერ მხარდაჭერილმა სამხრეთ ოსეთის ხელისუფლებამ განაახლა მავთულხლართების გავლება სოფელ გუგუტიანთკართან.

„ეს ძალიან ნეგატიური განვითარეებაა. ის ზიანს აყენებს რეგიონში უსაფრთხოებას და ხალხს ერთმანეთისგან ყოფს.

ჩვენ კვლავ მოვუწოდებთ ე.წ. ბორდერიზაციის შეწყვეტისკენ და კვლავ მოვუწოდებთ რუსეთის ფედერაციას, შეასრულოს 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება, გაიყვანოს თავისი ჯარები საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან“, – განაცხადა რუდმა.

კითხვაზე, საქართველოს ხელისუფლება საერთაშორისო ორგანიზაციებთან, ასევე არასამთავრობოებთან რატომ არ სვამს ოკუპაციის საკითხს უფრო მწვავედ, ელიზაბეთ რუდმა აღნიშნა: „აშშ და საქართველოს საერთაშორისო პარტნიორები, მათ შორის ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების მონაწილეები ძალიან აქტიურად არიან ჩართულები ყოველდღიურად საქართველოს მთავრობასთან ყველა გამოწვევაზე, რომელიც რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციით არის გამოწვეული, მათ შორის ბორდერიზაციის საკითხზე, სოფელ გუგუნტიანთკარში მიმდინარე პრობლემაზე. ჩემი რჩევა იქნებოდა, ერთმანეთის კრიტიკის ნაცვლად, ქართველები გაერთიანდნენ ამ რთული გამოწვევის წინაშე“.

დატოვე კომენტარი