ელიზაბეთ რუდი ჩიბათის საჯარო სკოლას ეწვია
ელიზაბეთ რუდი ჩიბათის საჯარო სკოლას ეწვია

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის ჩიბათის საჯარო სკოლას აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელი, ელიზაბეთ რუდი ეწვია.

ელიზაბეთ რუდი მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს პირველ მფლობელს, ჩიბათის საჯარო სკოლის სამოქალაქო განათლების პედაგოგს, ლადო აფხაზავას, სკოლის ადმინისტრაციასა და მოსწავლეებს შეხვდა.

რუდი ჩიბათის სკოლის ორგანიზებით განხორციელებულ სამოქალაქო განათლების პროექტების პრეზენტაციებს დაესწრო. აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს მიერ დაფინანსებული მინიგრანტების მეშვეობით, მოსწავლეებმა პედაგოგის მხარდაჭერით განახორციელეს სკოლისა და საზოგადოებისთვის სასარგებლო პროექტები.

„დღეს ძალიან ბედნიერი ვარ, რომ მომეცა შესაძლებლობა ვსტუმრებოდი ჩიბათის სკოლას და შევხვედროდი მასწავლებელს, რომელიც წინა წელს გახდა წლის მასწავლებელი, ადამიანს, რომელმაც მართლაც არაჩვეულებრივი საქმე გასწია, რომ თავისი მოსწავლეები აზიარა სამოქალაქო განათლებას. ახალგაზრდობის ჩართულობა არის უმთავრესი ნაწილი ქვეყნის დემოკრატიული განვითარებისათვის”, – განაცხადა რუდმა.

ელიზაბეთ რუდი დღესვე ლანჩხუთის ოკუპაციის მუზეუმსაც ეწვევა.