ელიზაბეთ რუდი - დარწმუნებული ვართ, საქართველოს შეუძლია, საკუთარი სამხედრო ტექნოლოგიების პასუხისმგებლიანად გამოყენება და კონტროლი
ელიზაბეთ რუდი - დარწმუნებული ვართ, საქართველოს შეუძლია, საკუთარი სამხედრო ტექნოლოგიების პასუხისმგებლიანად გამოყენება და კონტროლი

საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის მოვალეობის შემსრულებელი ელიზაბედ რუდი აბსოლუტურ სიცრუეს უწოდებს ინფორმაციას, თითქოს ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში აშშ-ის პრეზიდენტის მრჩეველმა, ჯონ ბოლტონმა “საქართველოს მთავრობა აშშ-საქართველოს თანამშრომლობის შეჩერების შესახებ გააფრთხილა, რუსეთისთვის Javelin-ის რამდენიმე რაკეტის სავარაუდო გადაცემის გამო”.

„საქართველოსა და აშშ-ს აქვთ ძალიან ძლიერი სამხედრო თანამშრომლობა და დარწმუნებული ვართ, რომ საქართველოს შეუძლია, საკუთარი სამხედრო ტექნოლოგიების პასუხისმგებლიანად გამოყენება და კონტროლი. ინფორმაცია, რაც გავრცელდა, არის აბსოლუტური სიცრუე”, – განაცხადა ელიზაბედ რუდმა.

ამ თემაზე ინფორმაცია გაავრცელა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომაც. როგორც უწყების პრესსამსახურში განმარტავენ, „სრულიად გაურკვეველი და უცნობი საიტის, ReportBlogs-ის წარმომავლობა არის საეჭვო და მასზე განთავსებული მასალა, რომელსაც „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელი ნიკა რურუა სოციალურ ქსელებში აზიარებს, წარმოადგენს ე.წ. ფეიკნიუსის კლასიკურ მაგალითს“.

საკითხს გამოეხმაურა აშშ-ში საქართველოს საელჩოც, სადაც განაცხადეს, რომ „ინფორმაცია, თითქოს ჯონ ბოლტონმა საქართველოში ვიზიტისას გამოხატა შეშფოთება თავდაცვით შეიარაღებასთან დაკავშირებით, არის აბსოლუტურად ცრუ და ყალბი“.