ელისო ბოლქვაძე - ქართულ კულტურას აქვს სწრაფვა, ვიყოთ ევროპისა და მსოფლიოს ნაწილი
ელისო ბოლქვაძე - ქართულ კულტურას აქვს სწრაფვა, ვიყოთ ევროპისა და მსოფლიოს ნაწილი

ქართული კულტურა, რომელმაც დღემდე მოგვიყვანა, დაცული უნდა იყოს, მას აქვს სწრაფვა, ვიყოთ ევროპისა და მსოფლიოს ნაწილი, – ამის შესახებ იუნესკო-ს მშვიდობის არტისტმა, ელისო ბოლქვაძემ პროექტის „საქართველო, ევროპა“ გახსნაზე განაცხადა.

მისივე თქმით, ევროპიდან და განვითარებული ქვეყნებიდან ის მოდელები უნდა გადმოვიღოთ, რაც ჩვენს იდენტურობას უფრო მეტად განავითარებს და გააცნობს მსოფლიოს.

„კონფერენცია, რომელიც საქართველოში პირველად ტარდება, ძალიან მნიშვნელოვანი მოვლენაა და ამასთან, დაგეგმილია ძალიან ბევრი სხვადასხვა ღონისძიება. მთავარი იდეა არის ის, რომ ჩვენი ქართული მაღალი კულტურა, რომელმაც დღემდე მოგვიყვანა, დაცული უნდა იყოს, მას აქვს სწრაფვა, ვიყოთ ევროპისა და მსოფლიოს ნაწილი. ეს ერთ-ერთი არაჩვეულებრივად კარგი ფორმატია, რათა გავაცნოთ ჩვენი კულტურა, ევროპიდან, უკვე განვითარებული ქვეყნებიდან გადმოვიღოთ ის მოდელები, რაც ჩვენს იდენტურობას განავითარებს უფრო მეტად და გააცნობს მსოფლიოს. ეს არის მთავარი გზავნილი, მთავარი იდეა დღევანდელი ფორუმის და, ვფიქრობ, ეს იქნება კიდევ ერთი ახალი ნაბიჯი ქვეყნის განვითარებისთვის, რადგან ეს ყველაფერი ემსახურება იმას, რომ ჩვენი ქვეყანა წინ წავიდეს, განვითარდეს და სწორედ კულტურული დიალოგი ამის კატალიზატორი იქნება. ეს არის მოდელი, რომელიც აუცილებლად უნდა ავიტაცოთ“, – განაცხადა ბოლქვაძემ.

საქართველოს მთავრობის მხარდაჭერით, განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ინიციატივითა და ორგანიზებით დღეს მასშტაბური პროექტი „საქართველო, ევროპა“ დაიწყო. პროექტი საერთაშორისო ფორუმით – „კულტურათა კავშირი-საქართველოსა და ევროპის შემოქმედებითი მომავლის განვითარება“ გაიხსნა.