ელისო ბოლქვაძე აცხადებს, რომ პარლამენტის კულტურის კომიტეტის თავმჯდომარის თანამდებობაზე დანიშვნის საკითხზე გუნდთან კონსულტაციები არ ჰქონია
ელისო ბოლქვაძე აცხადებს, რომ პარლამენტის კულტურის კომიტეტის თავმჯდომარის თანამდებობაზე დანიშვნის საკითხზე გუნდთან კონსულტაციები არ ჰქონია

უმრავლესობის დეპუტატი ელისო ბოლქვაძე აცხადებს, რომ პარლამენტის კულტურის კომიტეტის თავმჯდომარის თანამდებობაზე მისი დანიშვნის საკითხზე გუნდში კონსულტაციები არ ჰქონია და აღნიშნულ ინფორმაციას ვერ დაადასტურებს.

„ვერ დაგიდასტურებთ ოფიციალურად, როგორც თქვენ, მეც ისე წავიკითხე ინფორმაციის სახით, ჯერჯერობით ამ საკითხზე კონსულტაციები არ მქონია, ალბათ გამაგებინებენ, დაველოდოთ მოვლენებს. ხვალაა კომიტეტის სხდომა და იქ იწყება გაყოფის პროცედურა, ეს ნამდვილად ვიცი. ზოგადად, გაყოფის საკითხი ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ეს ის თემები და სეგმენტია, რომელიც აუცილებელია, ქვეყანას ჰქონდეს“, – აღნიშნა ბოლქვაძემ.

მისივე შეფასებით, განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროდან კულტურის მიმართულების ცალკე გამოყოფა მნიშვნელოვანია.

„ძალიან კარგი და დროულია ეს გადაწყვეტილება, თუკი ბოლომდე მივიდა გამოყოფის თემა. ვფიქრობ, აუცილებლად ასე იქნება და სამინისტრო იქნება ცალკე“, – დასძინა ელისო ბოლქვაძემ.

საქართველოს პირველი არხის ინფორმაციით, მას შემდეგ, რაც პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტი გაიყოფა და მას კულტურის მიმართულება გამოეყოფა, მმართველი გუნდი კომიტეტის თავმჯდომარის თანამდებობაზე ელისო ბოლქვაძის კანდიდატურის წარდგენას გეგმავს.

კომიტეტის გაყოფასთან დაკავშირებით ფრაქცია „ქართულმა ოცნებამ“ რეგლამენტში ცვლილებები უკვე მოამზადა, რომელიც საპროცედურო საკითხთა კომიტეტმა პირველი მოსმენით განიხილა.

კულტურის კომიტეტის გამოყოფის მიზეზად შესაბამისი სამინისტროს გაყოფა და კულტურის სფეროს პრიორიტეტულობა დასახელდა.

დატოვე კომენტარი