ელიგის ლეგიონერები ნაკრებებში - „კოლხეთის“ მცველმა აფრიკის თასის შესარჩევში ასისტი შეასრულა #1TVSPORT
ელიგის ლეგიონერები ნაკრებებში - „კოლხეთის“ მცველმა აფრიკის თასის შესარჩევში ასისტი შეასრულა #1TVSPORT

ფოთის „კოლხეთის“ ლეგიონერი მაჰამატ ტიამი ჩადის ნაკრებში მიიწვიეს და აფრიკის თასის საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩში საგოლე გადაცემით თავი გამოიჩინა.

ჩადის ნაკრები მავრიკის ეროვნულ გუნდს შეხვდა და 93-ე წუთზე გატანილი ერთადერთი გოლით დაამარცხა. საგოლე გადაცემა ფოთელების ცენტრალურმა მცველმა, მაჰამატ ტიამმა შეასრულა.

22 წლის ცენტრალური მცველი საფრანგეთის მოქალაქეა, მაგრამ შვეიცარიაში იზრდებოდა. ტიამი წარმოშობით ჩადელია და ისტორიულ სამშობლოს ეროვნულ ნაკრებში თამაში გადაწყვიტა.

ქუთაისის „ტორპედოს“ ნახევარმცველი რაჰმატ აქბარი ავღანეთის ნაკრებში გამოიძახეს, რომელიც მსოფლიო თასის შესარჩევ ეტაპზე ინდოეთს დაუპირისპირდა და 0:0 ითამაშა. ქუთაისელთა მცველმა მატჩი შეუცვლელად ჩაატარა. ამ შეხვედრაზე მიიწვიეს „სამტრედიის“ შემტევი ომრან ჰაიდარიც, მაგრამ ის განაცხადში არ იყო.

„სამტრედიას“ კიდევ ერთი მოთამაშე მუროდალი აკნაზაროვი კი ტაჯიკეთის ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, გელა შეყილაძემ მიიწვია და აზიის თასის საკვალიფიკაციო ეტაპზე საუდის არაბეთთან შეუცვლელად ათამაშა. შეხვედრა საუდელებმა 1:0 მოიგეს.

ამავე მატჩში 73-ე წუთიდან ჩაერთო წყალტუბოს „სამგურალის“ შემტევი ალიჯონი აინი. ორივე ტაჯიკი ფეხბურთელი ქართულმა გუნდებმა სეზონის დაწყებამდე დაიმატეს.