ელგა მაისურაძე - მარტოხელა მშობლის სტატუსი იმიტომ ვერ მივიღე, რომ ბავშვის დაბადების მოწმობაში მამაზე ჩანაწერი არსებობს
ელგა მაისურაძე - მარტოხელა მშობლის სტატუსი იმიტომ ვერ მივიღე, რომ ბავშვის დაბადების მოწმობაში მამაზე ჩანაწერი არსებობს

მარტოხელა მშობლის სტატუსი იმიტომ ვერ მივიღე, რომ ბავშვის დაბადების მოწმობის გრაფაში მამის შესახებ ჩანაწერი არსებობს, – ამის შესახებ მარტოხელა დედამ, ელგა მაისურაძემ პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური თემა მაკა ცინცაძესთან ერთად“ სტუმრობისას განაცხადა.

„ეს ჩანაწერი ჩემი ინიციატივით გაკეთდა, როცა ბავშვი ექვსი წლის იყო. მამას დნმ–ის ანალიზით დავუმტკიცე, რომ ბავშვი ნამდვილად მისი იყო. საბუთების იუსტიციის სახლში მიტანის შემდეგ, ბავშვი მამის გვარზე ავტომატურად ჩაეწერა. თუმცა, ამით არაფერი შეცვლილა. მამას არანაირი პასუხისმგებლობა არ მიუღია და ბავშვი ჩემი მზრუნველობის ქვეშ არის. მუცლადყოფნის პერიოდიდან მასზე მარტო ვზრუნავ და ვფიქრობ, მარტოხელა დედის სტატუსი მეკუთვნის“, – განაცხადა მაისურაძემ. 

გადაცემის წამყვანის შეკითხვაზე, რას აძლევს მოქალაქეს მარტოხელა მშობლის სტატუსი იმ პირობებში, როცა სახელმწიფოს მხრიდან არანაირი დახმარება არ არსებობს, ელგა მაისურაძემ აღნიშნა, რომ გორის მუნიციპალიტეტმა მარტოხელა მშობლისთვის წელიწადში 500 ლარის ოდენობით დახმარება განსაზღვრა, მაგრამ სტატუსის უქონლობის გამო, ის ამით ვერ სარგებლობს.

გადაცემაში სტუმრად იმყოფებოდა ასევე მარტოხელა დედა, ინგა ცენტერაძე, რომელმაც განაცხადა, რომ მარტოხელა მშობლის სტატუსი აქვს, მაგრამ ვერ იყენებს, რადგან სახელმწიფოს მხრიდან არანაირი დახმარება არ არსებობს.