ელენე ხოშტარიას განცხადებით, მისი ორი თანაგუნდელი მერიამ, მთავრობის ადმინისტრაციასთან მდებარე შადრევანში წყლის შეღებვის გამო, 5000 ლარით დააჯარიმა
ელენე ხოშტარიას განცხადებით, მისი ორი თანაგუნდელი მერიამ, მთავრობის ადმინისტრაციასთან მდებარე შადრევანში წყლის შეღებვის გამო, 5000 ლარით დააჯარიმა

„დროას“ დამფუძნებელმა, ელენე ხოშტარიამ პარტიის წევრებთან ერთად ბრიფინგი გამართა.

ხოშტარიას განცხადებით, დღეს მისი თანაგუნდელები ნათია ლეთოდიანი და შუშანა მაცაბერიძე მერიამ თითოეული 5 000 ლარით დააჯარიმა, მიზეზი კი ლექსო ლაშქარავას გარდაცვალების შემდეგ, პროტესტის ნიშნად, მთავრობის ადმინისტრაციის წინ მდებარე შადრევანში წყლის შეღებვა გახდა.

ხოშტარიას თქმით, ის პირები, რომელთა ძალადობრივ ქმედებასაც მისი პარტიის წევრები აპროტესტებენ, დღემდე არ არიან დასჯილები და ხელისუფლება მათ ხელს აფარებს.

„დროას“ ლიდერმა ხელისუფლებას მიმართა და განაცხადა, რომ მისი გუნდი ნებისმიერი მოქალაქის დაჩაგვრას გააპროტესტებს, მათ კი ვერანაირი სანქცია ვერ შეაჩერებს.

„მინდა, საზოგადოებას მივაწოდო ინფორმაცია ხელისუფლების მორიგი ცინიკური თავგასულობის შესახებ. კერძოდ, ხელისუფლება აგრძელებს რეპრესიებს პოლიტიკური ოპონენტების, აქტივისტების და ამ შემთხვევაში, „დროას“ წევრების წინააღმდეგ, ხაზი მინდა, გავუსვა მათ შორის წინასაარჩევნო პერიოდში და მათ შორის, მერიის ხელით. შუშანა მაცაბერიძის წინააღმდეგ მიმდინარეობს ოთხი უსამართლო სასამართლო პროცესი, ლეგიტიმური, სამართლიანი, ღირსეული პროტესტის გამო, ასევე, ნათია ლეთოდიანის წინააღმდეგ ლექსო ლაშქარავას მოკვლის გაპროტესტების გამო, როდესაც მათ შადრევანში ჩაასხეს აკვარელი. დღეს მერიამ მათ გამოუწერა 5 000 – 5 000 ლარიანი ჯარიმა. მინდა, საზოგადოებას შევახსენო, რომ „უცნობის“ აქციის დროს, როდესაც მართლა შეიძლება, იფიქრო, რაღაცა ზიანდება ქალაქში, ბერლინის კედლის მონუმენტი როდესაც დააზიანეს, საზოგადოების აღშფოთების შემდეგ 1 000-ლარიანი ჯარიმა გამოუწერეს „უცნობს“. ეს არის სწორედ იმ შერჩევითი სამართლის მაგალითი, როდესაც ამ ლეგიტიმური პროტესტის ფონზე 5000-ლარიან ჯარიმას უწერენ. ხოლო, პოლიტიკურად სასურველი ადამიანების მიმართ არის მხოლოდ მინიმალური სასჯელი. ეს არ არის ყველაზე მნიშვნელოვანი. პროტესტი, რომლის გამოც დღეს ისჯებიან შუშანა მაცაბერიძე და ნათია ლეთოდიანი, რომლის ოჯახის წევრიც ასევე 20 ივნისის მსხვერპლია, ამ პროტესტის საგანი იყო მოძალადე ხელისუფლების მიერ შექმნილი მოძალადეების მხრიდან ადამიანის მკვლელობა“, – აღნიშნა ელენე ხოშტარიამ.

მისივე თქმით, არც ერთი მოძალადე დღეს დასჯილი არ არის.

„ეს მოძალადეები დღეს აგრძელებენ კანონის დარღვევას და ხელისუფლება მათ აფარებს ხელს. მათ შორის, ისინი წარმოადგენენ საფრთხეს მოქალაქეებისთვის წინასაარჩევნოდ და არა მხოლოდ წინასაარჩევნო პერიოდში. ისინი წარმოადგენენ საფრთხეს ყველასთვის. მე მინდა, ხელისუფლებას ვუთხრა, ჩვენი პროტესტი ყოველ ჯერზე, როდესაც დაისჯება ნებისმიერი მოქალაქე, არ აქვს მნიშვნელობა, ვინ იქნება ის, რომელი პოლიტიკური შეხედულების იქნება ის ადამიანი, რომელი სოციალური ფენის იქნება, რა ასაკის იქნება, ნებისმიერი დაჩაგრული მოქალაქის წინააღმდეგ გადადგმული ნაბიჯები იქნება დაცული ჩვენი აქტივისტების, ჩვენი პარტიის, ჩვენი გუნდის მხრიდან. ვერანაირი სანქცია, 5 000-ლარიანი, 500 000-ლარიანი, ვერანაირი სანქცია ამ პროტესტს ვერ გააჩერებს“, – განაცხადა ელენე ხოშტარიამ.