ელენე ხოშტარია - შეთანხმება იძლევა შანსს, პროცესები რადიკალური დაპირისპირებიდან დემოკრატიულ ჩარჩოში გადავიდეს, თუმცა ყველა პირობა უნდა შესრულდეს
ელენე ხოშტარია - შეთანხმება იძლევა შანსს, პროცესები რადიკალური დაპირისპირებიდან დემოკრატიულ ჩარჩოში გადავიდეს, თუმცა ყველა პირობა უნდა შესრულდეს

„ევროპული საქართველოს“ წევრის, ელენე ხოშტარიას განცხადებით, ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის შეთანხმება, რომელიც ორი კომპონენტისგან შედგება, იძლევა შანსს, პროცესები პოლარიზებული და რადიკალური დაპირისპირებიდან დემოკრატიულ ჩარჩოში გადავიდეს.

„შეთანხმება ორი კომპონენტისგან შედგება. ეს არის საარჩევნო რეფორმა და პოლიტიკური დევნა, რომელიც ამ ქვეყანაში უნდა შეწყდეს. ეს პირველ რიგში ქვეყნისთვისაა ძალიან მნიშვნელოვანი, რომ პროცესები ამ ძალიან პოლარიზებული და რადიკალური დაპირისპირებიდან დემოკრატიულ ჩარჩოში გადავიდეს. ამის შანსს ეს შეთანხმება იძლევა და ეს ამ მხრივ არის არა რომელიმე მხარის, არამედ მთლიანად ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი წინ გადადგმული ნაბიჯი“ ,- განაცხადა ელენე ხოშტარიამ.

ხოშტარიას თქმით, შეთანხმებით გათვალისწინებული ყველა პირობა დაცული და შესრულებული უნდა იყოს.

„ყველას უნდა გვესმოდეს, რომ ქართული საზოგადოებისა და პოლიტიკოსების გარდა, ამ შეთანხმების ნაწილი არიან ჩვენი საერთაშორისო პარტნიორები, ამერიკა და ევროკავშირი. ვიმედოვნებ, ყველას კარგად ესმის, რომ ეს ყველაფერი ბოლომდე, ზედმიწევნით უნდა შესრულდეს“ ,- აღნიშნა ელენე ხოშტარიამ.

გუშინ, 8 მარტს, მმართველი გუნდი და ოპოზიცია 2020 წლის არჩევნებისთვის რამდენიმე საკითხზე შეთანხმდნენ. შეხვედრის შემდეგ საქართველოში აშშ-ის საელჩომ შეთანხმების ტექსტიც გაავრცელა, რომელიც ორი ნაწილისგან შედგება.