ელენე ხოშტარია - საქართველოში საზოგადოება უსამართლობასთან შეგუებას არ აპირებს
ელენე ხოშტარია - საქართველოში საზოგადოება უსამართლობასთან შეგუებას არ აპირებს

„ევროპული საქართველოს“ წევრ ელენე ხოშტარიას განცხადებით, გენერალური პროკურორის არჩევის პროცესთან დაკავშირებით პროტესტი საზოგადოების მხრიდან ბუნებრივი რეაქციაა.

„ადამიანების ბუნებრივი რეაქციაა იმაზე, რომ ბიძინა ივანიშვილი უბრალოდ მართლმსაჯულებას კი არ ეწევა, შოთაძის გარეშეც გააკეთებინებს ყველაფერს, რაც უნდა, მაგრამ ის საზოგადოებას ხაზგასმით შეურაცხყოფს. მათ შორის ხაზგასმით შეურაცხყოფს „ოცნების“ იმ წევრებს, რომლებიც თავის დროზე მიესალმებოდნენ შოთაძის წასვლას და ახლა აპირებენ, რომ ხმა მისცენ დაბრუნებას. ეს არის მოქალაქეების პროტესტი იმ უსამართლობაზე, იმ დემოკრატიის დამსხვრევაზე, რაც საქართველოში ხდება. თან იმ ფონზე, როდესაც მთელი საერთაშორისო თანამეგობრობა ესუბრება, რომ პოლიტიკური დევნა შეწყვიტოს. პოლიტიკურ დევნილთა დაკავებების პარალელურად, მას მოჰყავს პროკურატურაში თავისთვის კიდევ უფრო კომფორტული სიმბოლო უსამართლობის. ამიტომ ამას მოჰყვება საზოგადოების პროტესტი. საქართველოში საზოგადოება არ აპირებს, უსამართლობას შეეგუოს“, – განაცხადა ელენე ხოშტარიამ.

საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე დღეს გენერალური პროკურორობის კანდიდატ ირაკლი შოთაძეს მოუსმენენ.

პარლამენტს ირაკლი შოთაძის კანდიდატურა საპროკურორო საბჭომ წარუდგინა. საპროკურორო საბჭომ ფარული კენჭისყრის შედეგად საქართველოს გენერალური პროკურორობის კანდიდატად ირაკლი შოთაძე 7 თებერვალს შეარჩია. კანონმდებლობის გათვალისწინებით, პარლამენტი გენერალურ პროკურორს ექვსი წლის ვადით ირჩევს.