ელენე ხოშტარია - მზად ვარ ყველა კომუნიკაციისთვის, რომელიც იქნება შედეგზე ორიენტირებული, „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებს შევთავაზე ის ვერსიები, რაც შეიძლება, იყოს გამოსავალი
ელენე ხოშტარია - მზად ვარ ყველა კომუნიკაციისთვის, რომელიც იქნება შედეგზე ორიენტირებული, „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებს შევთავაზე ის ვერსიები, რაც შეიძლება, იყოს გამოსავალი

პარტია „დროას“ ლიდერი ელენე ხოშტარია ირაკლი კობახიძესთან, მამუკა მდინარაძესა და შალვა პაპუაშვილთან დღევანდელი შეხვედრის შესახებ მედიასთან საუბრისას აცხადებს, რომ მზად არის ყველა კომუნიკაციისთვის, რომელიც შედეგზე ორიენტირებული იქნება.

„შედეგი არის ვითარების განმუხტვა, არა უბრალოდ ვინმეს მოგება ან ვინმეს წაგება და კუნთების თამაში. ამიტომ ჩემი კარი ღიაა ნებისმიერი ადამიანისთვის, ნებისმიერი პარტიიდან, პირველ რიგში, „ქართული ოცნებიდან“, ვისაც ამ ჩიხური სიტუაციიდან უნდა გამოსვლა“, – აღნიშნა ელენე ხოშტარიამ.

ხოშტარიას თქმით, დეტალურად ესაუბრა „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებს, რა არის მისი შიმშილობის მოტივაცია.

„ცხადია, ძალიან დეტალურად ვესაუბრე „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებს, თუ რა არის ჩემი შიმშილობის მოტივაცია და რა არის ის პრინციპული სიმტკიცე, რომელსაც მე არ გადავუხვევ არც ერთ შემთხვევაში. ეს არ არის სიჯიუტე, ეს არის ის აუცილებელი ფასი, რომელიც უნდა გადავიხადოთ, რათა გამოვიდეთ ამ ჩიხური ვითარებიდან. ძალიან მნიშვნელოვანია, „ქართულმა ოცნებამ“ არ ჩათვალოს, რომ ეს არის პოლიტიკური თამაში ან ვინმე აპირებს უკან დახევას. მათ უნდა ესმოდეთ, რომ  ჩვენ ყველაფერს ვიზამთ, რათა ქვეყნის ჩიხში გადავარდნა არ მოხდეს. ეს სიმტკიცე მე მათ გავუზიარე. ჩემი ამოცანა ამ კონკრეტულ საკითხში არავითარ შემთხვევაში არ არის არავის კედელთან ან კუთხეში მიმწყვდევა. ჩვენ მიხეილ სააკაშვილს თუ გადავიყვანთ გლდანის კლინიკიდან, იქ არის არაადამიანური მოპყრობის პირობებში, ნებისმიერ სხვა საკითხზე ვარ აბსოლუტურად მოქნილი თანამშრომლობისთვის. ეს არ არის საკითხი, სადაც ვინმე აპირებს, რომ უბრალოდ რაღაც გამარჯვება იზეიმოს ან კუთხეში მიამწყვდიოს მეორე მხარე.

მე ვერ მივცემ თავს უფლებას, რომ ვისაუბრო კობახიძის და „ქართული ოცნების“ წარმომადგენლების ნაცვლად. მე მათი სიტყვებით ვერ ვისაუბრებ, მე არ ვიცი, რამდენად ესმით სიტუაციის სიმწვავე. არ ვიცი, საბოლოო ჯამში რა გადაწყვეტილება იქნება. მათ შევთავაზე ის ვერსიები, რაც შეიძლება, იყოს გამოსავალი და მათ აქვთ დრო, არც თუ ისე ბევრი, რომ მიიღონ შესაბამისი გადაწყვეტილება“, – განაცხადა ელენე ხოშტარიამ.

შეგახსენებთ, საპარლამენტო უმრავლესობის წევრებმა, ირაკლი კობახიძემ, მამუკა მდინარაძემ და შალვა პაპუაშვილმა პარლამენტში მოშიმშილე პარტია „დროას“ ლიდერი ელენე ხოშტარია მოინახულეს.