ელენე ხოშტარია - მნიშვნელობა არ აქვს, რას გადაწყვეტს „ქართული ოცნება“, ნიკა მელია უკვე გამარჯვებულია
ელენე ხოშტარია - მნიშვნელობა არ აქვს, რას გადაწყვეტს „ქართული ოცნება“, ნიკა მელია უკვე გამარჯვებულია

ოპოზიციონერ ელენე ხოშტარიას განცხადებით, „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელიასთან დაკავშირებული პროცესი პოლიტიკურია.

მისივე შეფასებით, რა სახის გადაწყვეტილებაც არ უნდა მიიღოს „ქართულმა ოცნებამ“, ნიკა მელია უკვე გამარჯვებულია.

„ბევრს არ ვისაუბრებ იმაზე, რომ ეს არის პოლიტიკური პროცესი, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანია ის, რომ დღეს, ცალსახად, ნიკა მელია და ოპოზიცია არიან გამარჯვებული, მორალურად გამართული, პოლიტიკურად გამბედავი და იდეისთვის მებრძოლი. „ქართული ოცნება“, რომელიც ინსტრუქციების შედეგად აპირებს, მეორედ შეუწყვიტოს იმუნიტეტი ნიკა მელიას, არის აბსოლუტურად კუთხეში მიმწყვდეული, დარცხვენილი და კიდევ ერთხელ აღრმავებს კრიზისს. ამიტომ, მნიშვნელობა არ აქვს, რას გადაწყვეტს „ქართული ოცნება“, ნიკა მელია უკვე გამარჯვებულია“, – აღნიშნა ელენე ხოშტარიამ.

გენერალურმა პროკურატურამ ნიკა მელიასთვის აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობის გამოყენებასთან დაკავშირებით პარლამენტს მიმართა. მმართველ გუნდში აცხადებენ რომ საპარლამენტო უმრავლესობა მხარს დაუჭერს ნიკა მელიასთვის იმუნიტეტის მოხსნის საკითხს. „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელია კი აღნიშნავს, რომ გირაოს გადახდას არ აპირებს.

შეგახსენებთ, „ჯგუფური ძალადობის ხელმძღვანელობის და მასში მონაწილეობისთვის“ სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემულ ნიკა მელიას თბილისის საქალაქო სასამართლომ 2019 წლის 27 ივნისს აღკვეთის ღონისძიების სახით შეუფარდა 30 000-ლარიანი გირაო და დამატებით შემზღუდავი ღონისძიებები, მათ შორის, გამოყენებულ იქნა ელექტრონული მონიტორინგი.

თუმცა, 2020 წლის პირველ ნოემბერს, საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილას საჯარო განცხადების გაკეთებისას, ნიკა მელიამ ელექტრონული მონიტორინგისთვის განკუთვნილი სამაჯური მოიხსნა.

ამის შემდეგ პროკურატურამ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიების გამკაცრება მოითხოვა. სასამართლოს 2020 წლის 3 ნოემბრის განჩინებით, ნიკა მელიასთვის აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული გირაოს თანხა 40 000 ლარით გაიზარდა. გადახდის ვადად მელიას 50 დღე განესაზღვრა.

გირაოს პირობების შეუსრულებლობის შედეგების შესახებ გაფრთხილების მიზნით, ნიკა მელია 2021 წლის 5 თებერვალს გენერალურ პროკურატურაში დაიბარეს, თუმცა არ გამოცხადდა.

ამავე დღეს, პროკურატურამ ნიკა მელიას გირაოს პირობების შესასრულებლად დამატებითი ერთკვირიანი ვადა მისცა. უწყების ცნობით, გადაუხდელობის შემთხვევაში, პროკურატურა სასამართლოს მისი პატიმრობის თაობაზე მიმართავს. მელიას გირაოს დარჩენილი თანხის გადახდის ვადა 12 თებერვალს ამოეწურა.