ელენე ხოშტარია - მინდა, ვუთხრა გამწარებულ გახარიას, არ გამოგივათ ამ აქციის არევა და ძალადობრივ ჭრილში გადაყვანა
ელენე ხოშტარია - მინდა, ვუთხრა გამწარებულ გახარიას, არ გამოგივათ ამ აქციის არევა და ძალადობრივ ჭრილში გადაყვანა

პირდაპირ მინდა, ვუთხრა გამწარებულ გახარიას, არ გამოგივათ ამ აქციის არევა და ძალადობრივ ჭრილში გადაყვანა. როგორც მოქსეული მეკომბლეები მშვიდობიანად გავუშვით, ასე გავუშვებთ ყველა პროვოკატორს მშვიდობიანად, – ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ წევრმა, ელენე ხოშტარიამ ძველი თბილისის პოლიციის სამმართველოსთან განაცხადა, სადაც პარლამენტის წინ ინციდენტში მონაწილე პირები არიან გადაყვანილი და მიმდინარეობს მოწმეების გამოკითხვა.

ელენე ხოშტარიას თქმით, მომხდარი ხელისუფლების მხრიდან პროვოკაციაა.

„ძალიან ნათელი ფაქტი უნდა იყოს იმისა, რომ ხელისუფლებამ კიდევ ერთხელ შემოაგზავნა პროვოკატორები და მათ ძალიან უნდათ, რომ ძალადობრივ რელსებზე გადაიყვანონ ეს აქცია. რა თქმა უნდა, ეს არ გამოუვათ, მაგრამ სამწუხაროა, რომ დაზარალდა ადამიანი. იყო პირდაპირი თავდასხმა. კიდევ უფრო მძიმე და სამწუხაროა, რომ პოლიციამ ხელი დააფარა მათ თვალწინ მოძალადეებს, გაიყვანეს და გაუშვეს. ჩვენ ვერ გავიგეთ ამდენი ხნის განმავლობაში ეს ადამიანები არიან თუ არა დაკავებულები.

კატასტროფაა, როდესაც იმის ნაცვლად, რომ პოლიცია გარანტი იყოს მშვიდობის, ესე პირდაპირ უშვებენ მათ სავარაუდოდ იმიტომ, რომ სუს-ის თანამშრომლები არიან. ამ საქმესაც ბოლომდე მივიყვანთ. ჩვენ მოგვიწევს პოლიციის და გახარიას ნაცვლად პასუხისმგებლობის აღება ჩვენს თავზე. კიდევ ერთხელ მინდა, პირდაპირ ვუთხრა გამწარებულ გახარიას, არ გამოგივათ ამ აქციის არევა და ძალადობრივ ჭრილში გადაყვანა. როგორც მოქსეული მეკომბლეები მშვიდობიანად გავუშვით, ასე გავუშვებთ ყველა პროვოკატორს მშვიდობიანად“,- განაცხადა ხოშტარიამ.

რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის წინ აქციაზე ინციდენტი მოხდა. როგორც საქართველოს პირველ არხს აქციის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა განუცხადა, მათთან მივიდა ორი პირი, რომლებიც აქციის ორგანიზატორებს უცენზურო სიტყვებით მიმართავდნენ. სიტყვიერი დაპირისპირება ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა.

მომხდარის შემდეგ გამოკითხვაზე გადაიყვანეს ინციდენტში მონაწილე პირები. გამოკითხეს მოწმეები, მათ შორის საქართველოს პირველი არხის ჟურნალისტი.

მომხდარზე შსს-მ გამოძიება ჯგუფური ძალადობის მუხლით დაიწყო.