ელენე ხოშტარია - არ შემიძლია, არ აღვნიშნო ხელისუფლების დროული და ეფექტური ზომები, მაგრამ არ უნდა ჩავვარდეთ თვითკმაყოფილებაში
არ შემიძლია, არ აღვნიშნო ხელისუფლების დროული და ეფექტური ზომები, მაგრამ არ უნდა ჩავვარდეთ თვითკმაყოფილებაში – ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ წარმომადგენელმა, ელენე ხოშტარიამ პარლამენტის სხდომაზე განაცხადა, რომელზეც საგანგებო მდგომარეობის 22 მაისამდე გახანგრძლივებაზე მსჯელობენ.
მან აღნიშნა, რომ კრიზისი გრძელდება, ის არავის ბრალია და ნებისმიერი მთავრობისთვის რთული იქნებოდა.
„გამოსვლას მადლობით დავიწყებ ექიმების, ექთნების, პოლიციელების, მებაჟეების, ბანკისა და სასურსათო მაღაზიების თანამშრომლების მიმართ. ასევე, არ შემიძლია, არ აღვნიშნო ხელისუფლებისა და მთავრობის დროული და ეფექტური ზომები. განსაკუთრებით, კრიზისის განვითარებისა და პრევენციის პირველ ეტაპზე.
როგორ შეიძლება, ამ სიტუაციაში არ თქვა იმაზე კარგი, რაც კარგია, მაგრამ ამასთანავე, მინდა, გვესმოდეს, რომ კრიზისი გრძელდება. შუა კრიზისში ვართ. ამ კრიზისის ეფექტები, როგორც ჯანდაცვის, ასევე ეკონომიკურ-სოციალური თვალსაზრისით მუდმივად ვრცელდება. ჩვენი, როგორც პოლიტიკოსებისა და დეპუტატების ვალია, არ ჩავარდეთ თვითკმაყოფილებაში, მეორე მხრივ, არ ვიყოთ ჩასაფრებულები ერთმანეთის მიმართ და ყველაზე მნიშვნელოვანი – ის კითხვები დავსვათ, რომელიც ჩვენც, თქვენც ყველას დაგვახმერება, რომ მივიღოთ ოპტიმალური გადაწყვეტილებები, რადგან კრიზისი არც არავის ბრალია პირდაპირ აღებული და არც ობიექტურად აღებული ნებისმიერი მთავრობისთვის რთული იქნებოდა. თუ ჩვენ ვამბობთ, რომ კრიზისი რთულია, ეს იმას ნიშნავს, რომ ყველა გადაწყვეტილება კარგად ავწონოთ. ამ აწონვას სჭირდება სწორი კითხვების დასმა, ეს არის პასუხისმგებლობა“, – განაცხადა ელენე ხოშტარიამ.
ელენე ხოშტარიამ პარლამენტის საგანგებო სხდომაზე განაცხადა, რომ კითხვები ორი მიმართულებით აქვს: „არ შეიძლება, არ ვიმსჯელოთ განვლილი ერთი თვის განმავლობაში რა იყო სწორი და რა არასწორი. ადამიანებმა იმას კი არ უნდა უსმინონ, ახლა ვინ როგორ ვუკბენთ ერთმანეთს, არამედ გაიგონ, რა ელოდებათ. არის საკითხები, მანქანების შეზღუდვა, კომენდანტის საათი, ონლაინ ვაჭრობის აკრძალვა, „სუფთა სახლის“ აკრძალვა. უბრალოდ, კითხვები ჩნდება, რამდენად მიზანშეწონილი იყო. ამაზე დისკუსია რომ ყოფილიყო, რით იყო გამოწვეული ის ტკივილი, რაც ამას მოჰყვება, შეიძლება, შევთანხმებულიყავით, რომ სხვა გზა არ იყო. საზოგადოება ვაკუუმში ცხოვრობს და ამას დღესაც ვაგრძელებთ, რადგან პასუხები არ არის“, – აღნიშნა ხოშტარიამ.
ამასთან, ელენე ხოშტარია აცხადებს, რომ არის შერჩევითობა.
„შერჩევითობის მაგალითი ეკლესიაში ვნახეთ. არ შეიძლება, იმის გამო ,რომ დღეს არ არის პოპულარული ეკლესია გააკრიტიკო, არ ვთქვათ, რომ ცუდად მოიქცენენ სასულიერო პირები, რომლებიც ამბობდნენ, რომ კოვზი ცხელდება 1000 გრადუსზე. ცუდად მოიქცნენ და სამწუხაროდ, სახელმწიფომ ის ვერ გააკეთა, რაც უნდა გაეკეთებინა. ვხედავდი, რომ სურვილი იყო, არ წახვიდეთო, მაგრამ სახელმწიფომ ის ვერ გააკეთა, რისთვისაც ვირჩევთ. მტკივნეულია არაპოპულარული გადაწყვეტილება, მაგრამ არ უნდა დაეშვათ ასეთი საფრთხის შექმნა მოქალაქეებისთვის. როცა ეკონომიკურ გეგმაზე ვსაუბრობთ, პოპულისტურად არ ვსაუბრობთ. არ შეიძლება, კონკრეტული გეგმა ერთ თვეზე მეტი არ ვიცოდეთ, თუმდაც არასაკმარისი, მაგრამ უნდა იცოდეს ხალხმა, რითი ეხმარებით. რა ვითარებაში ვართ დღეს? ხმა უნდა მივცეთ რაღაცას რაც არ ვიცით, რა არის“, – აღნიშნა ხოშტარიამ.
მისივე განცხადებით, საგანგებო მდგომარეობა დაცლილია შინაარსისგან.
„სურვილი მაქვს, დისტანცირების ზომები გაგრძელდეს და სამწუხაროა, გეგმა იყოს სამ დღეში და ხმის მიცემა დღეს. ამიტომ, არის კითხვების დასმა და არა პროცედურულად ერთმანეთის აზრების გადმოფრქვევა. კითხვებზე პასუხები იყო არა ოპოზიციის და ვინმეს პატივმოყვარეობის დაკმაყოფილება, არამედ კამათის საშუალება, რაც კრიზისში ყველას გაგვაძლიერებს. ერთმანეთთან ჩხუბს მერეც მოვასწრებთ. ყველას ამოცანაა, საზოგადოება იყოს ძლიერი ამ ურთულეს მდგომარეობაში. ამიტომ ვართ უკმაყოფილო და მხარს ვერ დავუჭერთ“, – განაცხადა ელენე ხოშტარიამ.