ელენე აგლაძემ გაერო-ს გენერალურ ასამბლეაზე უშიშროების საბჭოს 2018 წლის ანგარიშზე ისაუბრა
ელენე აგლაძემ გაერო-ს გენერალურ ასამბლეაზე უშიშროების საბჭოს 2018 წლის ანგარიშზე ისაუბრა

გაერო-სთან საქართველოს მუდმივი წარმომადგენლის მოადგილემ, ელენე აგლაძემ გაერო-ს გენერალურ ასამბლეაზე უშიშროების საბჭოს 2018 წლის ანგარიშზე ისაუბრა.

ელენე აგლაძემ განაცხადა, რომ საქართველო მიესალმება უშიშროების საბჭოს 2018 წლის ანგარიშს და ხაზი გაუსვა ანგარიშის წარდგენის მნიშვნელობას, გენერალურ ასამბლეასა და უშიშროების საბჭოს შორის ურთიერთობის გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების უზრუნველყოფის მიზნით.

გაერო-სთან საქართველოს მუდმივი წარმომადგენლის მოადგილის თქმით, საკითხების სიმძიმის გათვალისწინებით, მნიშვნელოვანია, რომ ანგარიში დროულად წარედგინოს გენერალურ ასამბლეას და ამიტომაც სამწუხაროა, რომ წელს, კვლავაც, ანგარიშის წარდგენა დიდი დაგვიანებით მოხდა.

მან მოუწოდა საბჭოს, უშიშროების საბჭოს პრეზიდენტის 2017 წლის #507 ნოტით დადგენილი ვადების დაცვისკენ და ხაზი გაუსვა ანგარიშში მეტი ანალიტიკის წარმოდგენის მნიშვნელობას.

ელენე აგლაძემ აღნიშნა, რომ უშიშროების საბჭოს წარედგინა ინფორმაცია საქართველოს სიტუაციის შესახებ 2008 წლის აგვისტოს რუსეთის სრულმასშტაბიანი სამხედრო აგრესიის შემდეგ. საქართველოს წარმომადგენელმა ხაზი გაუსვა, რომ ოკუპირებულ რეგიონებში მიმდინარე მილიტარიზაციის და ადამიანის უფლებების კუთხით არსებული მძიმე ვითარების გათვალისწინებით, უმნიშვნელოვანესია, რომ საბჭომ გააგრძელოს ეს პრაქტიკა და ამ და სხვა სახით, მათ შორის დღის წესრიგის საკითხის „სიტუაცია საქართველოში“ განხილვით და ღია დებატის ფორმატში უზრუნველყოს გაჭიანურებული კონფლიქტების მდგომარეობის სიღრმისეული განხილვა.

ელენე აგლაძემ გაიხსენა „ვეტოს“ უფლების გამოყენების საზიანო შედეგი, რომელიც საქართველომ ათი წლის წინ გამოსცადა და კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ „ვეტოს“ უფლების გამოყენება შეზღუდული უნდა იყოს კონფლიქტში ჩართული საბჭოს მუდმივი წევრისთვის, როგორც ეს განსაზღვრულია გაეროს წესდების 27-ე მუხლის მე-3-ე პარაგრაფში, რომელიც მკაფიოდ განმარტავს, რომ „დავის მხარემ თავი უნდა შეიკავოს ხმის მიცემისგან“.