ელჩებთან დღევანდელ შეხვედრაში „პატრიოტთა ალიანსისა“ და „ლეიბორისტების“ წარმომადგენლები არ მონაწილეობდნენ
ელჩებთან დღევანდელ შეხვედრაში „პატრიოტთა ალიანსისა“ და „ლეიბორისტების“ წარმომადგენლები არ მონაწილეობდნენ

ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის მოადგილის რეზიდენციაში დღევანდელ შეხვედრას „ლეიბორისტული პარტიისა“ და „პატრიოტთა ალიანსის“ წარმომადგენლები არ დასწრებიან.

ეს ინფორმაცია შეხვედრის მონაწილეებმა დაადასტურეს.

როგორც „ლელოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ბადრი ჯაფარიძემ განაცხადა, ეს ფაქტი არ ნიშნავს, რომ „პატრიოტთა ალიანსი“ ოპოზიციურ ერთობას გამოაკლდა. ამასთან, ჯაფარიძის თქმით, აპირებს, „პატრიოტთა ალიანსს“ ის წინადადებები გააცნოს, რომლებიც მოდერატორებს გადასცეს.

„პატრიოტთა ალიანსი“ არ მონაწილეობდა ამ წინადადებების განხილვაში, მაგრამ ვაპირებ, „პატრიოტთა ალიანსს“ ეს წინადადება გავუზიარო, რომლებიც ჩვენ ელჩებს გადავეცით. არავითარ შემთხვევაში არ გამოკლებია ერთობას. მე ვფიქრობ, უბრალოდ, ასე ჩამოვყალიბდით, ეს შვიდი პარტია უფრო მჭიდროდ თანამშრომლობს. ვგულისხმობ იმას, რომ შეხვედრები გვაქვს ხშირი, კოორდინაცია, კომუნიკაცია. ჩვენ არ გვქონია საუბარი, თუ რატომ არ ესწრებიან შეხვედრას. კიდევ მინდა ხაზი გავუსვა, რომ ვაპირებ, გავუზიარო „პატრიოტთა ალიანსს“ წინადადებები,  რომლებიც ჩვენ გადავეცით მოდერატორებს. ასე რომ, მათ ექნებათ ეს წინადადებები და ჩვენთან კომუნიკაციის გავლით, შეუძლიათ, პოზიცია დააფიქსირონ.

შალვა ნაღთელაშვილმა ვერ მოახერხა მისვლა, აბსოლუტურად იზიარებს წინადადებებს, რომელიც ჩვენ გადავეცით, ალბათ ტექნიკური მიზეზის გამო ვერ მოახერხა მისვლა, სხვა რამე მიზეზი არ არსებობს“, – განაცხადა ბადრი ჯაფარიძემ.