ელბასან რაშანი - საქართველოში სამი ქულის მოსაპოვებლად ჩამოვედით #1TVSPORT
ელბასან რაშანი - საქართველოში სამი ქულის მოსაპოვებლად ჩამოვედით #1TVSPORT

ბათუმის ახალ არენაზე გამართულ პრესკონფერენციაზე კოსოვოს მხარის ნაკრების მთავარ მწვრთნელთან ერთად გუნდის ფლანგის თავდამსხმელი ელბასან რაშანიც გამოცხადდა.

„საქართველოში 3 ქულის მოსაპოვებლად ჩამოვედით. ოღონდ, ამას იმ შემთხვევაში მოვახერხებთ, თუ თითოეული ჩვენგანი შესაძლებლობის მაქსიმუმს გაიღებს. კარგ ფორმაში ვარ მეც და ჩემი თანაგუნდელებიც. ფეხბურთელებს გვინდა, რომ სტადიონზე ფანები იყვნენ. ეს ფეხბურთს ნებისმიერ შემთხვევაში ალამაზებს. სახლში ვთამაშობთ თუ გასვლაზე, სულ გვინდა, რომ გულშემატკივრები იყოს“, – ამბობს ელბასან რაშანი.

ელბასან რაშანი საინტერესო ისტორიის მქონე ფეხბურთელია. 28 წლის წინ დაიბადა შვედეთში, გაიზარდა ნორვეგიაში და 2010-2015 წლებში ამ ქვეყნის ყველა ასაკობრივ ნაკრებში ითამაშა. 2015 წელს ტერიტორია კოსოვოს ნაკრებში მიიწვიეს, რომლის ფორმითაც 18 მატჩი ჩაატარა (4 გოლი). შემტევი ნახევარმცველი ზაფხულში ფრანგულ „კლერმონში“ ჩაირიცხა.

საქართველოსა და კოსოვოს ეროვნულ ნაკრებების მატჩი ბათუმის ახალ სტადიონზე 2 სექტემბერს 20:00 საათზე გაიმართება. ქვეყანაში არსებული კოვიდ 19-ის რეგულაციებიდან გამომდინარე, მატჩი უმაყურებლოდ ჩატარდება.

საქართველოს ეროვნული ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე 5 სექტემბერს ბადახოსში ესპანეთს ესტუმრება, ხოლო 8 სექტემბერს სოფიაში ბულგარეთთან ამხანაგურ მატჩს ჩაატარებს. სამივე შეხვედრის პირდაპირ ტელერეპორტაჟს საქართველოს პირველი არხი შემოგთავაზებთ.