„ელ მუნდო“ - ესპანეთში კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობა შესაძლოა, ორჯერ მეტი იყოს
„ელ მუნდო“ - ესპანეთში კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობა შესაძლოა, ორჯერ მეტი იყოს

ესპანური გამოცემა „ელ მუნდოს“ ცნობით, ესპანეთში კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობა შესაძლოა, ოფიციალურ მონაცემებთან შედარებით ორჯერ მეტი იყოს.

როგორც ჟურნალისტებს ესპანეთის რამდენიმე რეგიონის მუნიციპალიტეტში განუცხადეს, მთავრობის მიერ გავრცელებულ სტატისტიკურ მონაცემებში მხოლოდ ის ადამიანები ხვდებიან, ვისაც კორონავირუსის ტესტი ჩაუტარეს და „კოვიდ-19“ დაუდასტურდათ.

ამასთან, როგორც ესპანური გამოცემა წერს, ამ მონაცემებზე დაყრდნობით, 14-დან 31 მარტამდე პერიოდში, მადრიდის რეგიონში კორონავირუსით 3 539 ადამიანი გარდაიცვალა. თუმცა, როგორც რეპორტიორებმა დაადგინეს, დროის ამავე მონაკვეთში, მადრიდის რეგიონულმა სასამართლომ 9 007 ადამიანის დაკრძალვისა და კრემაციის ნებართვა გასცა.

„შესაბამისად გამოდის, რომ 14-დან 31 მარტამდე პერიოდში, მადრიდში 5 500-ზე მეტი ადამიანი სხვა მიზეზებით გარდაიცვალა. თუმცა, თუ შარშანდელ მონაცემებს გავითვალისწინებთ, რომლის მიხედვითაც, 2019 წლის ანალოგიურ პერიოდში მადრიდში 4 100-დან 4 400-მდე ადამიანი გარდაიცვალა, გამოვა, რომ მთავრობამ, სავარაუდოდ, დაახლოებით 1 000 ადამიანის სიკვდილი არ აღრიცხა“, – წერს „ელ მუნდო“.

ანალოგიური მდგომარეობაა კასტილიას-ლა მანჩას რეგიონში, სადაც მარტის თვეში კორონავირუსით გარდაცვლილთა 965 შემთხვევაა აღრიცხული, თუმცა დაკრძალვის ნებართვა 3 139 პირზეა გაცემული.

ესპანური მედიის ცნობით, კორონავირუსით გარდაცვლილთა ზუსტი რაოდენობის დადგენა რთულია, რადგან ბევრი ადამიანი ტესტირებისა და შესაბამისი დიაგნოზის დასმის გარეშე გარდაიცვალა.