El Desmarque - მამარდაშვილის ტრანსფერით „პარი სენ-ჟერმენიც“ დაინტერესდა, რადგან, შესაძლოა, დონარუმა წავიდეს #1TVSPORT
„ჩელსის“ შემდეგ „ვალენსიის“ ქართველი მეკარის, გიორგი მამარდაშვილის გადაბირებით ფრანგული გრანდი „პარი სენ-ჟერმენიც“ დაინტერესდა, – ინფორმაციას ესპანური გამოცემა El Desmarque ავრცელებს.
„ზაფხულის სატრანსფერო „ფანჯრის“ გახსნის შემდეგ, პსჟ (ისევე როგორც „ჩელსი“ და კიდევ რამდენიმე კლუბი) 35 მილიონ ევროდ შეფასებული „ვალენსიის“ მეკარის შეძენას შეეცდება.
„პარი სენ-ჟერმენის“ მეკარე ჯანლუიჯი დონარუმამ, შესაძლოა, უახლოეს მომავალში ძირითად შემადგენლობაში ადგილი დაკარგოს. ვრცელდება ინფორმაცია, რომ პარიზელების მწვრთნელი ლუის ენრიკე მის შემცვლელს ეძებს. უკვე ცნობილია კანდიდატურაც, ვინც შეიძლება მოისურვოს ესპანელმა მწვრთნელმა, თუ იტალიელი მეკარე ზაფხულის სატრანსფერო პერიოდში გუნდს დატოვებს.
პსჟ-ის რადარში „ვალენსიის“ მეკარე გიორგი მამარდაშვილი მოექცა – 23 წლის ქართველმა მიმდინარე სეზონში 33 მატჩი ჩაატარა და 12-ჯერ კარი „მშრალად“ შეინახა. მამარდაშვილი არამარტო პარიზელებს აინტერესებთ. გავრცელებული ინფორმაციით, ქართველი „ჩელსის“ ინტერესსაც იწვევს, რადგან მეკარის პოზიციის გაძლიერებას ცდილობენ.
ამჟამად „ჩელსის“ ჰყავს ჯორჯე პეტროვიჩი და რობერტ სანჩესი, ხოლო კეპა არიზაბალაგა იჯარის შემდეგ მადრიდის „რეალში“ დაბრუნდება. მიუხედავად ამ ვარიანტებისა, მამარდაშვილი, შესაძლოა, „პარი სენ-ჟერმენს“ შეუერთდეს. „ვალენსიის“ ვარსკვლავს Transfermarkt-ი 35 მილიონ ევროდ აფასებს“, – წერს El Desmarque.