ეკონომიკური საქმიანობის პრიორიტეტული დარგები განისაზღვრა
ეკონომიკური საქმიანობის პრიორიტეტული დარგები განისაზღვრა

ეკონომიკური საქმიანობის პრიორიტეტული დარგების განსაზღვრა სპეციალური მეთოდის, რისკის დონის განსაზღვრის ინდიკატორის საფუძველზე განხორციელდება.

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ინფორმაციით, პრიორიტეტი მიენიჭება ისეთ საქმიანობას, სადაც შრომის უსაფრთხოების ნორმების დარღვევის რისკი უფრო მაღალია.

მათივე ინფორმაციით, აღნიშნული მეთოდის საშუალებით დადგინდება ისეთი დარგები, რომლებიც ერთი შეხედვით არ წარმოადგენენ საფრთხის შემცველ საქმიანობებს, თუმცა მათი სპეციფიკის გათვალისწინებით, მავნეა ადამიანის (დასაქმებულის) სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის.

„შესაბამისად, შრომის ინსპექციის მიერ ასეთი დარგების შემოწმება მაღალი ინტენსივობით განხორციელდება, რათა დროულად იქნეს იდენტიფიცირებული დარღვევა და განხორციელდეს პრევენციული ღონისძიებები. ასევე განისაზღვრა ობიექტების შემოწმების პერიოდულობაც. შრომის ინსპექცია კონკრეტული ორგანიზაციების შემოწმებას შესაბამისი გეგმა-გრაფიკის საფუძველზე განახორციელებს. ახალი სტანდარტი ერთის მხრივ, შესაძლებლობას მისცემს შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტს, შეადგინოს შესამოწმებელი ობიექტების გეგმა, ხოლო მეორეს მხრივ, დამსაქმებელს ექნება ზუსტი ინფორმაცია, მისი შემოწმების პერიოდულობის შესახებ“, – ნათქვამია სამინისტროს ინფორმაციაში.

დატოვე კომენტარი