ეკონომიკის სამინისტროში ნათია თურნავასა და სარესტორნო ინდუსტრიის წარმომადგენლებს შორის შეხვედრა მიმდინარეობს
ეკონომიკის სამინისტროში ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრ ნათია თურნავასა და სარესტორნო ინდუსტრიის წარმომადგენლებს შორის შეხვედრა მიმდინარეობს.
როგორც შეხვედრამდე „რესტორატორთა ასოციაციის“ ხელმძღვანელმა შოთა ბურჯანაძემ განაცხადა, ბიზნესის ეს სფერო იმდენად დაზარალებულია, რომ კორონავირუსზე ტესტირებასთან დაკავშირებით ნორმალური ტარიფები თუ არ იქნება, თანამშრომელთა ტესტირების ხარჯების სუბსიდირებას ვერ შეძლებენ.
„გვქონდა სამუშაო შეხვედრები და ამ შეხვედრებზე შევთავაზეთ ის შესაძლებლობები, რომლითაც დამატებით რეგულაციების მოხსნა შეიძლება. მაგალითად, შიდა სივრცეების გახსნა. დღესაც სწორედ ამ თემაზე გვექნება მინისტრთან შეხვედრა. მოვისმენთ მათ შეხედულებებსაც და საბოლოოდ ეს მაინც საბჭოს გადასაწყვეტია. მინისტრი ის ხიდია, რომლითაც ჩვენი სიტყვის მიტანას შევძლებთ საკითხებზე, რომლებიც უკვე გავაჟღერეთ. რეგულაციები, რომლებიც დღეს გვაქვს, არ აკმაყოფილებს ჩვენს ეპიდემიოლოგებს, რომლებიც ღამე სიზმარს ნახულობენ და დილას ამას ამბობენ. შესაბამისად, ჩვენ შევთავაზეთ ახალი სიზმარი. თუ განიხილავენ მას, დადებითად იმოქმედებს ამ სფეროზე. იმედი მაქვს, დღევანდელი შეხვედრა გარკვეულად წინ გადადგმული ნაბიჯი იქნება. იმდენად დაზარალებულია ეს სფერო, რომ წარმოუდგენელია თანამშრომელთა ტესტირების ხარჯების სუბსიდირება ჩვენ დაგვევალოს. ყოვლად წარმოუდგენელია. მაგრამ იმ შემთხვევაში, თუ შესაძლებელი იქნება ნორმალური ტარიფები იყოს ტესტირებასთან დაკავშირებით, არ იქმება პრობლემა“, – განაცხადა შოთა ბურჯანაძემ.
ამავე საკითხზე მინისტრთან შეხვედრამდე ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთა რესტორან „ზეტ 10”-ის დამფუძნებელმა ნიკა მანჯგალაძემაც. მისი თქმით, ყველა რესტორანი სასტუმროს რესტორნების მსგავსად უნდა გაიხსნას.
„რომელი გარე სივრცეები გაიხსნა, მინის ორი გრადუსი რომ არის გარეთ? რეალურად, ვერაფერს ვაკეთებთ. ყველა სასტუმროს რესტორანი მუშაობს და ჩვენ დაბალი ღობე აღმოვჩნდით. ქვეყანა უნდა გაიხსნას. უნდა გადავიხადოთ გადასახადები. მათხოვრები არ ვართ, რომ მთავრობას რაღაცას ვთხოვდეთ. მუშაობა გვინდა და აქეთ დავეხმარებით ჩვენი ფინანსური რესურსით”, – განაცხადა ნიკა მანჯგალაძემ.
ამასთან, რესტორან „ზაზანოვას” დამფუძნებლის, მარინა სალუქვაძის განცხადებით, მათ მუშაობისა და თავის გადარჩენის საშუალება უნდა მიეცეთ. მისივე თქმით, რესტორატორების 95 პროცენტი უკვე გაკოტრებულია.
„მოგვცენ მუშაობისა და გადარჩენის საშუალება. ამ პირობებში მუშაობა გამორიცხულია. რესტორნების უმეტესობა ვერც გაიხსნა. პირადად მე ვერ გავრისკე ჩემი რესტორნის გახსნა. ეს ძალიან დიდ ხარჯებთან არის დაკავშირებული. თან როდესაც 19:00 საათზე უნდა დაასრულო მუშაობა, ეს რესტორნისთვის კატასტროფაა. ვინც გარისკა, ის აპლოდისმენტების ღირსია, თუმცა ძალიან მეცოდება იმ ხარჯებისთვის. არ ვიცი, როგორ უნდა გავძლოთ და გადავრჩეთ. ეს სფერო ისედაც დაღუპულია. რესტორატორების 95 პროცენტი უკვე გაკოტრებულია. ქვეყნის ეკონომიკა დგას სწორედ საშუალო და წვრილ ბიზნესზე, რომელიც თუ გადაიჩეხა, მიყვება მთლიანად ქვეყნის ეკონომიკაც. მოთხოვნები არის უცვლელი- ყველანაირი უსაფრთხოების ნორმების დაცვით გავიხსნათ, მოგვეცეს მუშაობის საშუალება, გადაიწიოს კომენდანტის საათმა და შაბათ-კვირას გვქონდეს ოპერირების საშუალება, წინააღმდეგ შემთხვევაში, უბრალოდ, დაიღუპება ეს სფერო. ჩვენ დახმარებას კი არ ვითხოვთ, ვერ ვითხოვთ, ვინაიდან ვიცით, რომ ქვეყნის ეკონომიკა არ არის სახარბიელო დღეში, მაგრამ ვითხოვთ, მოგვცენ გადარჩენის უფლება“, – აღნიშნა მარინა სალუქვაძემ.
მანამდე ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ განაცხადა, რომ შეზღუდვების შემსუბუქებასთან დაკავშირებით გარკვეული პაუზაა, რათა შედეგებს დააკვირდნენ.