ეკონომიკის სამინისტროში აცხადებენ, რომ სათამაშოების უსაფრთხოებაზე ევროდირექტივის ამოქმედების შესახებ ბიზნესთან კონსულტაციები მიმდინარეობს
ეკონომიკის სამინისტროში აცხადებენ, რომ სათამაშოების უსაფრთხოებაზე ევროდირექტივის ამოქმედების შესახებ ბიზნესთან კონსულტაციები მიმდინარეობს

ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების შესაბამისად, სათამაშოების უსაფრთხოებასთან დაკავშირებით საქართველოს კანონმდებლობა ევროპისას უნდა დაუახლოვდეს.

ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოს ხელმძღვანელის მოადგილის რატი ობოლაძის განცხადებით, დირექტივის დანერგვა საკანონმდებლო დონეზე წლის ბოლომდე უნდა მოხდეს.

რატი ობოლაძის განმარტებით, ამ ეტაპზე ბიზნესის შესაბამის წარმომადგენლებთან მიმდინარეობს კონსულტაციები იმის თაობაზე, თუ კონკრეტულად როდის ამოქმედდეს ევროდირექტივა.

„თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულების მიხედვით გათვალისწინებულია საქართველოს მხარის პირობა, რომ სათამაშოების უსაფრთხოების შესახებ რეგულაციის გადმოტანა საქართველოს კანონმდებლობაში, ანუ დირექტივის დანერგვა უნდა მოხდეს წლის ბოლომდე საკანონმდებლო დონეზე. რაც შეეხება მის აღსრულებას, ახლა მიმდინარეობს ინტენსიური კონსულტაციები ბიზნესის შესაბამის წარმომადგენლებთან, იმპორტიორებთან, მწარმოებლებთან და დისტრიბუტორებთან, როდის ავამოქმედოთ, რომ ისინიც მზად იყვნენ, ვინაიდან მათი მზაობა არის ერთ-ერთი გადამწყვეტი ნაწილი. რეგლამენტი უკვე მზად არის, თუ რას უნდა აკმაყოფილებდეს სათამაშო დრაფტის დონეზე”,- განაცხადა რატი ობოლაძემ.

მისივე ინფორმაციით, არსებობს ძირითადი და სპეციალური მოთხოვნები.

„ძირითადი მოთხოვნაა, რომ სათამაშო საფრთხეს არ უნდა უქმნიდეს მომხმარებელს, ხოლო სპეციალური მოთხოვნები ეს არის აალების, ბასრი ნაწილებისადმი მოთხოვნები, გადაყლაპვის საფრთხის გამოსარიცხი მოთხოვნები, ძაბვის მაქსიმალური ზღვარია დადგენილი. არსებობს ასევე გარკვეული ქიმიური ელემენტები, რომლებიც ჯანმრთელობისთვის საზიანოა, მიგრაციის მაქსიმალური ზღვრები – როდესაც ბავშვი თამაშობს, რამდენი შეიძლება გადავიდეს ქიმიური ელემენტები ბავშვის სხეულზე. შესაბამისად, სათამაშო უნდა აკმაყოფილებდეს როგორც ძირითად მოთხოვნას, რომ უსაფრთხო იყოს მასთან ურთიერთობა, ასევე სპეციალურ მოთხოვნებს. ბუნებრივია, არსებობს დოკუმენტური მოთხოვნები შესაბამისობის შეფასების ვალდებულება, რომელიც მწარმოებელს აქვს და არსებობს რიგი ვალდებულებები, რომლებიც მიემართება იმპორტიორისა და დისტრიბუტორის მიმართ”,- აღნიშნა რატი ობოლაძემ.

ამასთან, ობოლაძის განცხადებით, სათამაშოების შემოწმება განხორციელდება, როგორც დოკუმენტურად, ისე ფიზიკურად.

„პირველ რიგში მოხდება დოკუმენტური კონტროლი, რამდენად არის სათამაშოსთან თანდართული ყველა აუცილებელი დოკუმენტი, მათ შორის ეს შეიძლება იყოს სერტიფიკატი, გამაფრთხილებელი ნიშნები, უსაფრთხო მოხმარების ინსტრუქცია. ყველა ამ ნაწილის ანალიზი მოხდება, თუ წარმოდგენილია სერთიფიკატები, თუს ვამბობ, რადგან გარკვეულ სათამაშოებზე აუცილებელია, მწარმოებელმა დაიქირაოს მესამე მხარე, აკრედიტირებული ინსპექტირების ორგანო და შეაფასებინოს სათამაშოს უსაფრთხოება. ამ პროცედურის გავლის შემთხვევაში, მათ უნდა ჰქონდეთ გაცემული სერთიფიკატები. თუ სერთიფიკატები ახლავს სათამაშოს, შევამოწმებთ ამ სერტიფიკატის ვალიდურობას და იმ პირის აკრედიტაციის ვალიდურიობას, ვინც გასცა სერტიფიკატი. ეს არის დოკუმენტური კონტროლის ნაწილი, ხოლო ფიზიკურ კონტროლს რაც შეეხება, თუკი სააგენტოს გაუჩნდა ეჭვი, ან არის იმის ლოგიკური საფრთხე, რომ მიუხედავად იმისა, რომ სათამაშო აკმაყოფილებს ყველა დადგენილ დოკუმენტურ მოთხოვნას და გააჩნია შესაბამისი ნიშანდება, გამაფრხთხილებელი ნიშნები და ინსტრუქცია, მაგრამ შესაძლოა მაინც იწვევდეს ზიანს, შევამოწმებთ ფიზიკურად. ფიზიკური შემოწმება ნიშნავს, როგორც პირველად შემოწმებას დაკვირვებით, აქვს თუ არა წამახვილებული ნაწილები, ძვრება თუ არა პატარა ნაწილები, რომლებიც შეიძლება ბავშვმა გადაყლაპოს და ა.შ. ისე  ლაბორატორიულ, უფრო სიღრმისეული შემოწმებას აალებაზე, ალის გავრცელებაზე და ა.შ. “,- განაცხადა ობოლაძემ.