ეკონომიკის სამინისტროში აცხადებენ, რომ საქართველოსა და აზერბაიჯანის ენერგოსისტემები ერთმანეთს უფრო უსაფრთხოდ დაუკავშირდება
საქართველოსა და აზერბაიჯანის ენერგოსისტემები ერთმანეთს უფრო მდგრადად და უსაფრთხოდ დაუკავშირდება, – აცხადებენ ეკონომიკის სამინისტროში.
უწყების ცნობით, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე რომეო მიქაუტაძემ ორი ქვეყნის საზღვარზე დასრულებული მასშტაბური ენერგეტიკული ობიექტი – ე.წ. ორჯაჭვა 330 კვ ძაბვის ელექტროგადამცემი ხაზი დისპეტჩერული დასახელებით „გარდაბანი-1“ და „გარდაბანი-2“ დაათვალიერა. მინისტრის მოადგილეს ჩატარებული სამუშაოების შესახებ ინფორმაცია მიაწოდეს სს „საქრუსენერგოს“ გენერალურმა დირექტორმა, ბაჩანა სულაძემ და სს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ გენერალურმა დირექტორმა გიორგი გიგინეიშვილმა. ახალი გადამცემი ინფრასტრუქტურით სრულად ჩანაცვლდა ერთჯაჭვა 330 კვ ძაბვის ელექტროგადამცემი ხაზი „გარდაბანი“, რომელიც ექსპლუატაციაში იყო 1958 წლიდან და საექსპლუატაციო რესურსი ამოწურული ჰქონდა.
მინისტრის მოადგილის განცხადებით, ახალი ორჯაჭვა ელექტროგადამცემი ხაზის თითოეული ჯაჭვის დატვირთვა 700 მგვტ სიმძლავრითაა შესაძლებელი, დღეს არსებული 250 მგვტ-ს ნაცვლად, რაც მნიშვნელოვნად გაზრდის საქართველოს ენერგოსისტემის მდგრადობას და უსაფრთხოებას, აამაღლებს ქვეყნის მოსახლეობის უწყვეტი ელექტროენერგიით მომარაგების საიმედოობას.
ეკონომიკის სამინისტროს ცნობით, პროექტი „330 კვ ელექტრო გადამცემი ხაზის გარდაბანი-აღსტაფას გაორჯაჭვიანება“, საქართველოს გადამცემი ქსელის განვითარების 2020-2030 და 2021-2031 ათწლიანი გეგმების შესაბამისად, სს „საქრუსენერგომ“ განახორციელა. პროექტის ბიუჯეტმა 34,5 მლნ ლარი შეადგინა.
„აღსანიშნავია, რომ მშენებლობას მონიტორინგს უწევდა შპს „საინჟინრო მონიტორინგის ჯგუფი“, სამშენებლო პროცესი ასევე მიმდინარეობდა შპს „არქეოლოგიის განვითარების ფონდის“ ზედამხედველობით.
330 კვ ხაზი „გარდაბანი-1“ ენერგოსისტემაში ჩაერთო 2022 წლის 30 მაისს, „გარდაბანი-2“-ის ქსელში ჩართვა მოხდება გარდაბნის ქვესადგურში ახალი ავტოტრანსფორმატორის მონტაჟისა და შესაბამისი უჯრედის მოწყობის შესაბამისად“, – აცხადებენ უწყებაში.
მათივე ცნობით, ორჯაჭვა ელექტროგადამცემი ხაზის სიგრძე საქართველოს ტერიტორიაზე 18,5 კმ, ხოლო მთლიანად 64 კმ-ია. ელექტროგადამცემი ხაზის ტრასაზე დამონტაჟდა 69 ანძა და 232 კმ სადენი. ხაზი ასევე ოპტიკურ-ბოჭკოვანი გვარლითაა აღჭურვილი.