ეკონომიკის სამინისტრო - მიუხედავად „ფრონტერასთან“ საარბიტრაჟო დავაში გამარჯვებისა, მთავრობა არ დაუშვებს, ქვეყნის მაღალ საერთაშორისო რეპუტაციას რამე ფორმით ჩრდილი მიადგეს
ეკონომიკის სამინისტრო - მიუხედავად „ფრონტერასთან“ საარბიტრაჟო დავაში გამარჯვებისა, მთავრობა არ დაუშვებს, ქვეყნის მაღალ საერთაშორისო რეპუტაციას რამე ფორმით ჩრდილი მიადგეს

საქართველოსთვის მნიშვნელოვანია ქვეყნის საინვესტიციო გარემოსთან დაკავშირებული საერთაშორისო რეპუტაცია, რომელიც მუდმივად იღებს მაღალ შეფასებას და მიუხედავად სახელმწიფოს აბსოლუტურად გამყარებული პოზიციისა „ფრონტერა რისორსიზ ჯორჯია კორპორეიშენთან“ დავაში, დაუშვებელია რამე ფორმით ჩრდილი მიადგეს აღნიშნულ მახასიათებელს.  რეპუტაციისა და ქვეყნის საინვესტიციო კლიმატის უაღრესად დადებითი აღქმის შენარჩუნება ჩვენი უმნიშვნელოვანესი ამოცანაა, – ამის შესახებ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს განცხადებაშია ნათქვამი, რომელიც სამინისტროს ვებგვერდზე გამოქვეყნდა.

განცხადების თანახმად, მთავრობის გადაწყვეტილება კომპანია „ფრონტერას“ საშუალებას აძლევს, აღარ დახარჯოს ძალისხმევა ლობისტების მობილიზებასა და მათთან ურთიერთობაზე, რის ნაცვლადაც, სასურველია, კონცენტრირება მოახდინოს იმ ვალდებულებების შესრულებაზე, რაც დასაქმებულ პირთა მიმართ დაუგროვდა, გაისტუმროს სახელფასო დავალიანებები, მოაწესრიგოს ურთიერთობა სხვა მრავალ კრედიტორთან და გააგრძელოს საქმიანობა საძიებო სამუშაოების განხორციელების კუთხით.

„ამგვარი მიდგომით ხაზს ვუსვამთ საქართველოს გულწრფელ სურვილს, ღია და გამჭვირვალე იყოს ურთიერთობა ,,ფრონტერასთან,“ რისთვისაც ასევე სასურველია, კომპანიამ გაასაჯაროოს საარბიტრაჟო გადაწყვეტილების შემაჯამებელი ნაწილი, რომელიც არ შეიცავს კონფიდენციალურ ინფორმაციას კომპანიის შესახებ და, რომელიც ნათელს მოჰფენს დავის საგანს. საკითხის მიმართ ჭარბი ინტერესი და სპეკულაცია ამით დასრულდება და დაინტერესებული მხარეები (აშშ-ს სენატორებისა და კონგრესმენების ჩათვლით) სათანადო ინფორმაციას ღია წყაროდანაც მიიღებენ,“ – ნათქვამია სამინისტროს განცხადებაში.

ეკონომიკის სამინისტრო აღნიშნავს, რომ როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, ჰააგის საარბიტრაჟო სასამართლოში აღძრული საარბიტრაჟო დავის შედეგად, საარბიტრაჟო ტრიბუნალმა მხარი დაუჭირა კომპანია „ფრონტერა რისორსიზ ჯორჯია კორპორეიშენის“ წინააღმდეგ ქართული მხარის სამართლებრივ პოზიციას და ნავთობისა და გაზის კორპორაციისა და ნავთობისა და გაზის სახელმწიფო სააგენტოს მიერ წარდგენილი  მოთხოვნები დააკმაყოფილა. კერძოდ, საარბიტრაჟო სასამართლომ დაადგინა, რომ „ფრონტერამ“ არსებითად დაარღვია 1997 წლის 25 ივნისის კონტრაქტი პროდუქციის წილობრივი განაწილებისა და გადამამუშავებელი ქარხნის შესახებ, რაც, თავის მხრივ, კონტრაქტის შეწყვეტის მყარი სამართლებრივი საფუძველი გახდა. ამასთან ერთად, საარბიტრაჟო ტრიბუნალის მიერ გამოტანილი გადაწყვეტილებით, „ფრონტერას“ დაევალა ძებნა-ძიების ფართობის (საკონტრაქტო ტერიტორიის დაახლოებით 99 პროცენტი) სახელმწიფოსთვის დაბრუნება და  საარბიტრაჟო დავასთან დაკავშირებით ქართული მხარის მიერ გაღებული დანახარჯების ანაზღაურება (ჯამური საგადამხდელო ვალდებულებების ოდენობა დაახლოებით 6 მლნ აშშ დოლარი).

ამასთან, სამინისტროს ინფორმაციით, 1997 წლის კონტრაქტის მიხედვით, „ფრონტერა ს“ 10 წლის ვადაში უნდა ეწარმოებინა ძებნა-ძიების სამუშაოები ნახშირწყალბადების ახალი კომერციული მარაგების აღმოჩენისა და შემდგომი ათვისების მიზნით. ამ ვადის უშედეგოდ გასვლის შემდეგ, „ფრონტერამ“ დამატებით ორჯერ ითხოვა ძებნა-ძიების ვადის გაგრძელება,  რაც ქართულმა მხარემ დააკმაყოფილა. შესაბამისად, ძებნა-ძიების ჯამური ვადა 20 წლით გაიზარდა, რაც უპრეცედენტო მაგალითია ინდუსტრიაში. 20-წლიანი უშედეგო ძიების შედეგად, „ფრონტერამ“ 2017 წელს კვლავ ითხოვა ძებნა-ძიების ვადის დამატებით ხუთი წლით გაგრძელება და უარი განაცხადა ძებნა-ძიების ფართობის დაბრუნებაზე. სწორედ ეს გახდა კორპორაციისა და სააგენტოს  მხრიდან ჰააგის მუდმივმოქმედ საარბიტრაჟო სასამართლოში საარბიტრაჟო დავის აღძვრის თაობაზე მოთხოვნის წარდგენის საფუძველი.

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს განცხადებით, საქართველოს მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება, აღარ მოშალოს „ფრონტერა რისორსიზ ჯორჯია კორპორეიშენთან“ კონტრაქტი და შესაძლებლობა მისცეს კომპანიას, საქმიანობა განაგრძოს საწყისი საკონტრაქტო ტერიტორიის იმ ნაწილში, სადაც ნავთობის მოპოვება ჯერ კიდევ საბჭოთა პერიოდიდან მიმდინარეობდა. საუბარია სახელმწიფოს საძიებო ტერიტორიის დაახლოებით ერთ პროცენტზე, რადგან ამ ტერიტორიის დაახლოებით 99 პროცენტი „ფრონტერამ“, საარბიტრაჟო გადაწყვეტილების თანახმად, სახელმწიფოს უკვე დაუბრუნა.

დატოვე კომენტარი