ეკონომიკის სამინისტრო გაზგამანაწილებელი კომპანიებისთვის რეგულაციების გამკაცრებაზე მუშაობს
ეკონომიკის სამინისტრო გაზგამანაწილებელი კომპანიებისთვის რეგულაციების გამკაცრებაზე მუშაობს

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ბუნებრივი აირისგან გამოწვეული უბედური შემთხვევების პრევენციისა და შემცირების მიზნით, ტექნიკური რეგლამენტის გამკაცრებაზე მუშაობს.

მინისტრის მოადგილის, ნათია თურნავას განცხადებით, უწყება სამი კონკრეტული მიმართულებით აპირებს რეგულაციების გამკაცრებას – კანონმდებლობის დახვეწა, უფრო ქმედითი მექანიზმების შემოღება გაზგამანაწილებელი კომპანიების მიმართ და მოქალაქეების ცნობიერების ამაღლება.

„ძალიან ვწუხვართ მომხდარი უბედური შემთხვევების გამო. სამინისტრო მუშაობს არსებული კანონმდებლობის გამკაცრებაზე. პირველ რიგში, ეს არის ტექნიკური რეგლამენტები. ვფიქრობთ, გავამკაცროთ კიდევ უფრო მოთხოვნები კომპანიების მიმართ, რომლებიც გარეგაყვანილობის მონტაჟს ახორციელებენ, როგორც კორპუსებში, ასევე ცალკეულ ბინაში. მეორე მიმართულება არის გამკაცრებული მოთხოვნები გაზგამანაწილებელი კომპანიების მიმართ. კონტროლი მკაცრდება, მაგრამ ამავდროულად გვსურს, ისინიც დამატებითი ბერკეტებით აღვჭურვოთ, რადგან უფრო ოპერატიულად განახორციელონ საქმიანობა და შემოწმება“, – განაცხადა ნათია თურნავამ.

ამასთან, მისი თქმით, აუცილებელია მოსახლეობის ცნობიერების ამაღლება და დამატებითი განმარტებები, თუ როგორ დაიცვან უსაფრთხოება ბუნებრივ აირის მოხმარებასთან მიმართებაში.