ეკონომიკის მინისტრის თანამდებობაზე ნათია თურნავა ლევან დავითაშვილმა შეცვალა
ეკონომიკის მინისტრის თანამდებობაზე ნათია თურნავა ლევან დავითაშვილმა შეცვალა

ნათია თურნავამ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის თანამდებობა დატოვა. ამის შესახებ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა.

მთავრობის მეთაურმა ეკონომიკის მინისტრის თანამდებობაზე ლევან დავითაშვილი წარადგინა.

დავითაშვილი ამ დრომდე გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის თანამდებობას იკავებდა. ლევან დავითაშვილს შეუნარჩუნდება ვიცე-პრემიერის თანამდებობა.

„მთავრობის შემადგენლობაში ჩვენ განვახორციელეთ ცვლილებები და ამის თაობაზე მინდა, საზოგადოებას ვაცნობო. ეკონომიკის მინისტრად დაინიშნა ლევან დავითაშვილი. დიდი წარდგენა არ სჭირდება, ყველა კარგად იცნობს მის საქმიანობას. ლევანი იყო გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის წარმატებული მინისტრი. ბოლო ხუთი წელი ის ერთგულად ემსახურა სამინისტროს, ქვეყანას, თავის საქმეს, და ბევრი მნიშვნელოვანი რეფორმა განახორციელა ამ სამინისტროში. ლევანი დაინიშნა ეკონომიკის მინისტრად. იგი სპეციალობით არის ეკონომისტი, კარგი განათლება, ცოდნა აქვს დაგროვილი. მჯერა, რომ იქნება ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების წარმატებული მინისტრი. ის არის ვიცე-პრემიერი და შეუნარჩუნდება ეს თანამდებობა“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

პრემიერ-მინისტრმა, ნათია თურნავას გაწეული საქმიანობისთვის მადლობა გადაუხადა და განაცხადა, რომ თურნავა გუნდში რჩება.

„რაც შეეხება ქალბატონ ნათიას, მინდა, ჩემი და მთავრობის სახელით მადლობა ვუთხრა მას გაწეული სამსახურისთვის. ის სამი წელი გახლდათ ამ თანამდებობაზე მინისტრი, ბევრი საქმე გააკეთა სამინისტროში. ნათია იყო და არის ჩვენი გუნდის წევრი და რჩება ჩვენი გუნდის წევრად. ნათიას აქვს თავის გეგმები და საკუთარი ხედვები, სურვილი. ამის თაობაზე თავად მოგახსენებთ. მინდა, მადლობა ვუთხრა და წარმატება ვუსურვო“, – დასძინა ირაკლი ღარიბაშვილმა.

რაც შეეხება გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, მინისტრის თანამდებობაზე ოთარ შამუგია დაინიშნა.

დატოვე კომენტარი